„კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონ“ შტამი სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.
„ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც „დელტას“ ცირკულაცია დაბალი იყო. მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი სხვა ქვეყნებში, სადაც „დელტას“ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონ“ შტამთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ასევე რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი.
ამასთან, ჯანმოს განცხადებით, წინასწარი მონაცემები მიუთითებს “ომიკრონის” ნაკლებ საფრთხეზე “დელტასთან” შედარებით, რადგან გამოვლენილი შემთხვევების უმრავლესობა უსიმპტომოა ან მაღალი და საშუალო სიმძიმის სიმტომებით ხასიათდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა.
კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ნოემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. პირველი შემთხვევები სამხრეთ აფრიკასა და ბოცვანაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა სახელმწიფოებშიც სწრაფად გავრცელდა. ამ ეტაპზე, ჯანმოს მონაცემებით, “ომიკრონი” 63 ქვეყანაში ცირკულირებს.