მთავარი » მსოფლიო » ინფიცირების შემთხვევაში, აცრილ ადამიანებს, აუცრელებთან შედარებით, პოსტკოვიდური გართულებების 50%-ით ნაკლები რისკი აქვთ – კვლევა

ინფიცირების შემთხვევაში, აცრილ ადამიანებს, აუცრელებთან შედარებით, პოსტკოვიდური გართულებების 50%-ით ნაკლები რისკი აქვთ – კვლევა

დაცულნი არიან თუ არა აცრილი ადამიანები გახანგრძლივებული კოვიდისგან? ამ საკითხზე პირველი მეცნიერებული კვლევების შედეგები უკვე ცნობილია. კვლევა სახელწოდებით Zoe-COVID-ი დღემდე ამ მიმართულებით ჩატარებული ყველაზე მსხვილი ნაშრომია.

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა სმარტფონების მფლობელი 1,2 მილიონამდე ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. მათ სმარტფონებში  შეტანილი იყო მონაცემები იმის შესახებ, როდის აიცრნენ მათი მფლობელები, რამდენი მათგანი დაინფიცირდა აცრის შემდეგ და რამდენად ხანგრძლივად შეუნარჩუნდათ პოსტკოვიდური სინდრომები.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აცრილი ადამიანები არა მხოლოდ უფრო იშვიათად ინფიცირდებოდნენ კოვიდით, არამედ გაცილებით ნაკლები სიმპტომი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც აცრილი არ ყოფილა. თუკი სიმპტომები მაინც ჰქონდათ, ისინი ხანგრძლივი არ იყო. საინტერესოა, რომ კვლევის თანახმად, აცრილ პაციენტებში გახანგრძლივებული კოვიდი ორჯერ ნაკლები იყო აუცრელებთან შედარებით.

ამის შესაძლო მიზეზს მეცნიერები იმ გარემოებაში ხედავენ, რომ ვაქცინირებული ადამიანების იმუნურ სისტემას ორგანიზმში კორონავირუსის დაგროვების – ე.წ. რეზერვუარის შექმნის აღკვეთა შეუძლია. სწორედ „რეზერვუარის“ ფაქტორით მოვლენით ხსნიან  მეცნიერები ხანგრძლივი კოვიდის ჩამოყალიბების მიზეზებს.

„Т-უჯრედების შექმნის საშუალებით იმუნურმა სისტემამ შესაძლოა გააჩეროს ვირუსი მისი პირველი რეპლიკაციის (ახალი დნმ-ის წარმოქმნა, გამრავლება) დროს იქამდე, ვიდრე ორგანიზმში ფარული რეზერვუარი შეიქმნება,“- განაცხადა იმუნოლოგმა აკიკო ივასაკიმ.

ამასთან, კვლევას თავისი სუსტი წერტილებიც აქვს: პირველ რიგში, მისმა მონაწილეებმა საკუთარი სიმპტომების შესახებ მონაცემები სმარტფონების სპეციალურ აპლიკაციაში თავად შეიყვანეს. შესაბამისად, ეს მონაცემები არაა გადამოწმებული ან ექიმების მიერ დადასტურებული.

მეორეც – ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც სმარტფონებით არ სარგებლობენ, ამ კვლევაში პრაქტიკულად არ არიან წარმოდგენილნი. ამასთან, კვლევის მონაწილეებს შორის ცოტაა ეკონომიკურად სუსტი რეგიონების წარმომადგენელი.

მეორე კვლევამ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, პესიმისტური შედეგები აჩვენა: აცრილი და შემდგომ დაინფიცირებული 10 ათასი ადამიანის მონაცემის გაანალიზების საფუძელზე მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მართალია, აუცრელებთან შედარებით ამ ადამიანებმა ვირუსი ნაკლებად მძიმე სიმპტომებით გადაიტანეს, თუმცა ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევები როგორც აუცრელების, ისე აცრილთა ჯგუფში თანაბარი რაოდენობით დაფიქსირდა.

თუმცა ხარვეზები ოქსფორდის კვლევასაც აქვს: ისინი დოკუმენტურად დადასტურებულ სამეციდინო მონაცემებს ეყრდნობა და არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, რომლებმაც კოვიდი მარტივად, სახლის პირობებში გადაიტანეს. ამ ფაქტს კი, შესაძლოა, კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს.

საინტერესოა ასევე იმ ადამიანების მონაცემები, რომლებმაც კოვიდი ვაქცინაციამდე დიდი ხნით ადრე გადაიტანეს და პოსტკოვიდის სიმპტომებით იტანჯებიან. არსებობს მტკიცებულებები, რომ აცრა მათ ამ სიმტპომების შემსუბუქებაში დაეხმარა. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, პირველმა აცრამ ჩივილები ასეთი პაციენტების 13%-ს შეუმსუბუქა. მეორე აცრამ კი პაციენტთა კიდევ 9%-ის მდგოამრეობა გააუმჯობესა. ამის მიუხედავად, დღემდე უცნობია, შეუძლია თუ არა ვაქცინაციას კოვიდის სინდომების მოხსნა გრძელვადიან პერსპექტივაში, ან სულაც ადამიანის ამ ჩივილებისგან განკურნება.

უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინა მართლაც ახდენს გავლენას გახანგრძლივებულ კოვიდზე, თუმცა ბევრი საკითხი ისევ ღიად რჩება: ამცირებს თუ არა ვაქცინა გახანგრძლივებული კოვიდით დაავადების რისკებს? არსებულ ვაქცინებს შორის, რომელია ამ კუთხით ყველაზე ეფექტიანი? ვრცელდება თუ არა ეს დაცვა ბავშვებსა და მოზარდებზე?

საბედნიეროდ, მეცნიერებს დასკვნების გასაკეთებლად სულ უფრო მეტი მონაცემი უგროვდებათ, რადგან მსოფლიოში აცრილთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ამ ეტაპზე რამდენიმე გრძელვადიანი კვლევა მიმდინარეობს, რომლებიც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. მათ შორისაა Recover-ი, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ათობით ათას პაციენტს აკვირდებიან, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. ვიდრე ამ კვლევების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, მეცნიერები კოვიდისგან და მისი გართულებებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად ვაქცინაციას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო აცრას, პრევენციის კუთხით, ალტერნატივა არ აქვს.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …