ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰონგკონგის საკარანტინე სასტუმროში მყოფი ადამიანი სხვა ნომერში მოთავსებული, „ომიკრონით“ დაინფიცირებული მამაკაცისგან დასნებოვდა, ექიმების შეშფოთებას იწვევს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტში არ შესულან.
ამის შესახ Bloomberg-ი წერს და აღნიშნავს, რომ ახალი შტამის სპაიკ-ცილაში მუტაციების „უპრეცედენტო რაოდენობამ“ გამოიწვია შიშები, რომ არსებული ვაქცინები კორონავირუსის ამ შტამის მიმართ არასაკმარისად ეფექტიანი იქნებოდა, შედეგად კი COVID-19-ით დაავადების შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის აღდგენის მცდელობებს ჩაშლიდა.
ჰონგკონგის შემთხვევა ნოემბერში მოხდა და ის ჰონგკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღწერეს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ორიდან ერთერთი მოგზაური ჰონგკონგში კანადიდან 10 ნოემბერს ჩავიდა, მეორე კი – მეორე დღეს სამხრეთ აფრიკიდან. ორივე მათგანი სრულად იყო ვაქცინირებული „ფაიზერის“ ვაქცინით, ჰქონდათ 72 საათის პერიოდში ჩატარებული პისიარ-ტესტები, რომლებმაც ნეგატიური შედეგი აჩვენა.
13 ნოემბერს ერთერთ მოგზაურს კოვიდ 19 დაუდასტურდა. მოხდა მისი იზოლირება. რამდენიმე დღის შემდეგ დადებითი შედეგი აჩვენა სასტუმროს მეორე მობინადრის ტესტმაც. იმავე სართულზე, მეზობელ ნომრებში კიდევ 12 ადამიანი იყო განთავსებული, მათგან კორონავირუსი არცერთს არ დადასტურებია.
კამერერებზე ჩაწერილ ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ მობინადრეები ნომრებს არ ტოვებდნენ და დასახებელებული ორი მოგზაური ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდა. ორივე ინფიცირებული საკუთარი ოთახების კარებს მხოლოდ იმისთვის აღებდა, რომ სასტუმროს პერსონალის მიერ მიტანილი საკვები აეღო ან პისიარ-ტესტი გაეკეთებინა. პუბლიკაციის ავტორების აზრით, „ომიკრონი,“ დიდი ალბათობით, ერთერთი დაინფიცირებულიდან მეორეს, „დერეფნის გავლით, ჰაერით გადაედო.“
დღეისათვის შტამი „ომიკრინი,“ რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დადასტურდა, უკვე ათობით ქვეყანაში გამოვლინდა. მათ შორის რუსეთშიც.
ამ ეტაპზე, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ომიკრონის შედეგად გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯერჯერობით ახალი შტამის შესახებ შეკითხვები უფრო ბევრია, ვიდრე – პასუხები. სამხრეთ აფრიკის ერთერთი კლინიკის ექიმის ანჟელიკა კუტზის განცხადებით, ახალი შტამი იწვევს დაღლას და გახშირებულ გულისცემას. ამასთან, მისი სიმტპომატიკა კოვიდისთვის დამახასიათებელი გამოვლინებებისგან განსხვავდება – მაგალითად ახასიათებს ყელში „ღიტინი“
კიდევ ერთი სამხრეთაფრიკელი ექიმის უნბენ პილეის განმარტებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ძალიან ჰგავს გრიპს -პაციენტები უჩივიან მაღალ ტემპერატურას, სასხრებში „მტვრევას“ და მშრალ ხველას.
ახალი შტამის თვისებებს მეცნიერები ახლა სწავლობენ და ისინი უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.