მთავარი » მსოფლიო » ავსტრიის კანცლერის შეფასებით, მოსახლეობის ვაქცინაციის 65%-იანი მაჩვენებელი „სამარცხვინოა“

ავსტრიის კანცლერის შეფასებით, მოსახლეობის ვაქცინაციის 65%-იანი მაჩვენებელი „სამარცხვინოა“

დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, ავსტრიაში მკაცრი ლოქდაუნი ცხადდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ.

რესპუბლიკის კანცლერის ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით, ამ გზით ქვეყანა ცდილობს, გაზარდოს ვაქცინაციის დონე, რომელიც, მისივე თქმით, „სამარცხვინოდ  დაბალ დონეზეა“.

ლოქდაუნის მოქმედების პერიოდში, აუცრელ ადამიანებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. ეს მიზეზებია სამსახურში ან სასწავლებლად, სასურსათო მაღაზიაში ან ექიმთან წასვლა. შეზღუდვა არ მოქმედებს 12 წლელზე უმცროსი ასაკის ბავშვებზე.

შალენბერგის განცხადებით, ლოქდაუნის გამო იზოლაციაში გადავა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი. დოკუმენტების შემოწმება პოლიციას დაევალა. რეგულაციების დარღვევაზე ჯარიმებია დაწესებული. The Washington Post-ის ინფორმაციით, ავსტრიაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის  ვაქცინაციის დონე ერთერთი ყველაზე დაბალია. სრულად იმუნიზებულია მოსახლეობის 65%. ამასთან, ბოლო დღეებში კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება. 14 ნოემბერს ქვეყანაში 12 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

აუცრელებისთვის სხვადასხვა შეზღუდვა უკვე მოქმედებს მსოფლიოს რიგ სახელმწიფოებსა და რეგიონებში.  შემოდგომისთვის კოვიდ-სერტიფიკატები დაინერგა ევროპის მინიმუმ 14 ქვეყანაში, ჩინეთში კი შეზღუდვის ეს ფორმა ჯერ კიდევ 2020 წლიდან მოქმედებს.

ერთერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციებია საფრანგეთში, სადაც „ჯანმრთელობის საშვის“ გარეშე კაფეებსა და რესტორნებში, ასევე კინოთეატრებში, მუზეუმებსა და ბარებში შესვლა აკრძალულია. შეზღუდვები მოქმედებს სავაჭრო ცენტრების ნაწილში, საერთაშორისო ტრანსპორტზე, სპორტულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 5 ათასამდე შემთხვევაა და სრულად აცრილია მთლიანი მოსახლეობის 26%, „მწვანე საშვის“ შედარებით რბილი მოდელის ამოქმედება 1 დეკემბრიდან იგეგმება.

ქვეყანაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ 9-მილიონიან ავსტრიასა და 3.7 მილიონიან საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების თითქმის იდენტური მაჩვენებელია და 11 ათასს აჭარბებს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …