ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებს კვლავაც შეუძლიათ სახლში ვირუსის გავრცელება – ამ სათაურით აქვეყნებს „ბიბისი“ სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორჯერადად დაავადებულები კვლავ ინფიცირდებიან და ასევე ვირუსს გადასცემენ მათ, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს. ეს საკითხი ბრიტანელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სრულად იმუნიზებული ადამიანები შესაძლოა ისეთივე გადამდები იყვნენ, როგორც აუცრელები.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ არ აქვთ ან მცირედი სიმპტომატიკა აქვთ, მათ მიერ არავაქცინირებული ადამიანების დაინფიცირების რისკი 5-დან 2-ია ანუ 38%.
ეს მაჩვენებელი 25%-მდე ანუ 4-ში 2-მდე მცირდება თუკი დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები სრულად ვაქცინირებულები არიან.
Lancet Infectious Diseases-ის ინფორმაციით, ეს მონაცემი ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაცული.
მეცნიერები აფრთხილებენ აუცრელ ადამიანებს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ვირუსის დარტყმებს მათი გარშემომყოფები მიიღებენ და ამით მათი დაინფიცირების რისკი შემცირდება.
მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ვაქცინები Covid-ით გარდაცვალებისა და სერიოზული გართულებების რისკის შესანიშნავ პროფილაქტიკას ახდენენ, თუმცა ისინი ნაკლებ ეფექტიანები არიან ინფექციის შეჩერების კუთხით, განსაკუთრებით უფრო გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელების შემდეგ. დროთა განმავლობაში კი ვაქცინებით მიერ შექმნილი დაცვა სუსტდება და აუცილებელია მისი გაძლიერება დამატებითი დოზებით.
იმდენად, რამდენადაც Covid-ის გადადების შემთხვევების უმრავლესობა ოჯახებში ხდება, აუცილებელია, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა, რომელსაც ამის უფლება აქვს, მიიღოს ვაქცინა.
კვლევების თანახმად, რომლებიც 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა ლონდონში მცხოვრებ 440 ოჯახში, ორჯერ ვაქცინირებულ ადამიანებს აუცრელებთან შედარებით აქვთ უფრო დაბალი, თუმცა მაინც შესამჩნევი რისკი, დაავადდნენ დელტა ვარიანტით.
ამასთან, ვაქცინირებული ადამიანები უფრო სწრაფად ამარცხებენ ინფექციას, თუმცა მათი პიკური ვირუსული დატვირთვა – როცა ადამიანები ყველაზე მეტად გადამდებნი არიან – არავაქცინირებული ადამიანების ანალოგიურია.
ამით აიხსნება ის, რატომ ავრცელებენ ისინი ვირუსს ოჯახურ პირობებში.
ლონდონის საიმპერიო კოლეჯის პროფესორი ადჯით ლალვანი, რომელიც კვლევის ერთერთი ხელმძღვანელი იყო, აცხადებს:
„ვირუსის გადადება, რასაც ვაქცინირებულ ადამიანებს შორის ვხედავთ, არავაქცინირებულებს უბიძგებს აიცრან, რათა დაიცვან საკუთარი თავი დაინფიცირებისა და გართულებებისგან, მითუმეტეს, რომ ზამთრის თვეებში სულ უფრო მეტი ადამიანი გაატარებს დროს სახლში, ერთმანეთთან ახლოს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვაქცინისადმი მიმღებლობა მეორე დოზიდან რამდენიმე თვეში გაიზარდა, ამიტომ მათ, ვისაც აქვს რევაქცინაციის უფლება, ის დაუყოვნებლად უნდა ჩაიტარონ.“
კვლევების თანაავტორმა ანიკა სინგანაიაგამმა კი განაცხადა: „ჩვენი შედეგები გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაქცინაციის გავლენის შესახებ ახალ ვარიანტებზე და კერძოდ იმის შესახებ, რატომ აგრძელებს დელტა მთელ მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების მრავალი შემთხვევის გამოწვევას, მათ შორის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში. ასე რომ, ვირუსის შეკავების საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომები, ისეთები, როგორიცაა ნიღბები, სოციალური დისტანცირება და ტესტირებები, ვაქცინირებული ადამიანებისთვისაც ისევ მნიშვნელოვანია.“