ყველა ობიექტში, ასევე ატრაქციონებზე, პარკში შესასვლელად „მწვანე პასპორტის“ წარდგენა აუცილებელია. ამის შესახებ jandacva.ge-სთან გერმანიაში, კერძოდ ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მხარეში მცხოვრები სოფო ბუთბაია საუბრობს.
მისი თქმით, „მწვანე პასპორტი“ ადამიანებს აპლიკაციის სახით, ტელეფონში აქვთ ჩატვირთული და იმისთვის, რომ ისინი სხვადასხვა ადგილას დაუშვან, აღნიშნულ „აპში“ დაფიქსირებული უნდა იყოს, რომ მისი მფლობელი აკმაყოფილებს ერთერთს შემდეგი სამი პირობიდან: არის ორჯერადად აცრილი; გატესტილია კოვიდზე და პასუხი ნეგატიურია; ბოლო 6 თვეში კორონა გადატანილი აქვს.
სოფო ბუთბაიას თქმით, ბაღში ბავშვებს ტესტირება კვირაში სამჯერ უტარდებათ. ტესტები კეთდება სკოლაშიც და მას ბავშვები თავად იკეთებენ – ამისთვის ისინი სპეციალურ ვიდეოინსტრუქციებს უყურებენ. ტესტის გაკეთების ტექნოლოგია მტკივნეული და დისკომფორტის შემქმნელი არ არის და ცხვირის ნესტოში ჩხირის ღრმად მოთავსებას არ მოითხოვს.
სკოლებში ყოველ 20 წუთში იღება ფანჯრები და ვირუსისგან თავდაცვის ამ ფორმას, ამინდის მიუხედავად, დიდი ყურადღება ექცევა. ტესტირებას ყოველდღე იკეთებენ აუცრელი მასწავლებლები. პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ დახურულ სივრცეშია. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ყველა მიწაზე (გერმანიის ადმინისტრაციული ერთეული) სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს.
სოფო ბუთბაიას თქმით, აცრილებისთვის ტესტი უფასოა, აუცრელებისთვის კი 15 ევრო ღირს. ამასთან, დამსაქმებელი თვითონ წყვეტს, გადაიხდის ტესტის ღირებულებას თუ ეს ხარჯი დასაქმებულმა უნდა დაფაროს.
მისივე თქმით, გერმანიაში არის წერტილოვანი შეზღუდვები, ანუ ქალაქებს აკვირდებიან რამდენ პროცენტს მიაღწევს ინფიცირების მაჩვენებელია და ამის მიხედვით შეზღუდვები მუდმივად ახლდება ან პირიქით -იხსნება.
სოფო ბუთბაია ამბობს, რომ ქვეყანაში აცრის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, „მწვანე პასპორტის“ გამოყენებით ცხოვრება პრაქტიკულად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და სტრესი, რაც პანდემიის პირველ ეტაპზე იყო, აღარავის აღარ აქვს.
„შეიძლება საქართველოში ეს ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ საერთოდ არ ვიცი რა ხდება ეპიდემიოლოგიური კუთხით გერმანიაში. პირველი თვეები ძალიან დიდი სტრესი იყო, ქვეყნების მიხედვით ვადევნებდი თვალს მიმდინარე მოვლენებს, შემდეგ კი – გერმანიაში მიწების დ რეგიონების მიხედვით. ახლა სიტუაცია ჩაწყნარდა და ეს აღარაა აქტუალური თემა. ძველი ცხოვრებისეული პრიორიტეტები დაგვიბრუნდა,“- აცხადებს სოფო ბუთბაია.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე გერმანიაში მოსახლეობის თითქმის 66%-ია სრულად აცრილი. კოვიდ 19-ით სიკვდილიანობა კი იანვრის პიკურ პერიოდთან შედარებით 10-ჯერაა შემცირებული.
ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღება საქართველოშიც განიხილება, თუმცა კონკრეტულად რა მოდელს აირჩევს ქვეყანა, ჯერჯერობით უცნობია.