რუსეთში ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა – ამის შესახებ როსპოდრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა. მისი თქმით, აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, რომლებშიც 3 ათასამდე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
ბოლო პერიოდში რუსეთში ეპიდსტატისტიკა მთელი პანდემიის პერიოდის ანტირეკორდებს ხსნის. გასულ დღე-ღამეში 25781 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2 იანვრის შემდეგ მაქსიმალური რაოდენობაა. გარდაიცვალა 883 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კოვიდით 7 მილიონ 600 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 211 ათასამდე პაციენტი კი გარდაიცვალა.
გუშინ ერთერთი კლინიკის ხელმძღვანელმა დენის პროცენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია სპეციალისტების პროგნოზებს აღარ ექვემდებარება. „კოვიდი ყველა პროგნოზს გვიცრუებს. ვხედავთ ზრდას. ჩვენ ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება ვაქცინაციას, კოვიდ საწინააღმდეგო აცრები უკვე გაიკეთა რუსეთის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 60%-მა, ქვეყანაში 40 მილიონი ადამიანი სრულადაა აცრილი, თუმცა, კრემლის შეფასებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპები დაბალია. რუსეთში უკვე ისმის ინიციატივები კოვიდვაქაცინაციის გეგმიური აცრების ჩამონათვალში შესვლის შესახებ.
განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება მოსკოვში, რომლის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით,
დაავადებულთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 120%-ით. ვაქცინაციის წასახალისებლად სობიანინი კოვიდ-ლატარიის განახლებას არ გამორიცხავს.