შვედი ბავშვები, რა თქმა უნდა, დაზარალდნენ პანდემიისგან, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე სკოლების დახურვის შემთხვევაში დაზარალდებოდნენ. ამის შესახებ შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტენგელმა გამოცემა Unherd-ს განუცხადა.
„ვფიქრობ, ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ეს მაგალითი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. და თუ თქვენ შეხედავთ გლობალურ დონეს, გაერო და სხვა ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები ამ პანდემიის ერთერთი მთავარი მსხვეპრლნი არიან,“ – განაცხადა შვედმა ეპიდემიოლოგმა.
ანდერს ტენგელი კოვიდ პანდემიის პერიოდში შეზღუდვების წინააღმდეგი იყო, არ გასცემდა სკოლების დახურვის რეკომენდაციებს.
ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში ის პირბადის ტარების ნებაყოფლობითობას იცავდა. ერთ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ კი, იმ დროს, როცა 29 სექტებვრისთვის შვედეთი თითქმის ყველა დარჩენილი რეგულაციის მოხსნისთვის ემზადება, ტენგელს კითხეს, არის თუ არა კოვიდი ის, რასთან ერთადაც უნდა ვიცხოვროთ და უნდა დახურულიყო თუ არა სკოლები, ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ მისი მოსაზრებები გამართლდა.
ის აცხადებს, რომ შვედეთის სტრატეგიამ, რომელიც თვითიზოლაციაზე უარის თქმას გულისხმობდა, ძირითადად გამართლდა, რადგან ამ მიდგომამ ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, პანდემიის პირველი ტალღები ჭარბი სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლით გადაევლო.
ამასთან, ტენგელმა აღიარა, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების პოტენციალი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ხელისუფლება ელოდა.
შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ასევე ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი ვაქცინაციაა,თუმცა მისი საშუალებითაც კი კორონავირუსის სრული დამარცხება ვერ მოხერხდება და ის ადამიანების ცნობიერებაში დარჩება, როგორც ჩვეულებრივი გრიპი.
„ჩვენ თავიდანვე ვცდილობდით იმის დამტკიცებას, რომ ესაა დაავადება, რომელთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ. ასეთ პოზიციას სულ უფრო მეტი ქვეყანა იკავებს, რადგან იდეალური ვაქცინაციის პირობებშიც კი ჩვენ შევძლებთ მის კონტროლს და არა აღმოფხვრას,“ – განაცხადა შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა.
მისი შეფასებით, ადამიანებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ მომავალში, საავადმყოფოებში კოვიდ-პაციენტების მოხვედრის შემთხვევები ისეთივე ნორმა იქნება, როგორც გრიპის ან სხვა დაავადებების შემთხვევებია, რომელთა სრული კონტროლიც კაცობრიობამ ვერ შეძლო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვედეთში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 1,15 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 ათასამდე ადამიანი. ქვეყანაში მილიონ მოსახლეზე 1452 ლეტალური შემთხვევაა. მეზობელ ნორვეგიაში, ფინეთსა და დანიაში ეს მაჩვენებელი 155, 191 და 454-ია. შედარებისთვის: საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 2390-ს-ს შეადგენს.
სხვა ქვეყნებთან შედარებით ასეთმა დიდმა სხვაობამ შვედეთის ხელისუფლების მიმართ სერიოზული კრიტიკა გამოიწვია. მაღალი ლეტალობის მიზეზად სახელდებოდა შეზღუდვების, მათ შორის თვითიზოლაციის ვალდებულების თითქმის არარსებობა. ტენგელი აღიარებს, რომ ხელისუფლებას უფრო მკაცრი ზომები უნდა მიეღო.
შვედური მიდგომის ყველაზე ძლიერ მხარედ ის მოქალაქეების პიროვნულ პასუხისმგებლობას ასახელებს. ჯანმოს სპეცწარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, ქვეყნებმა შვედეთის ასეთი მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ, რათა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ნდობა COVID-19-ის დამარცხების მთავარი იარაღია.
მისივე თქმით, არსებობს სფეროები, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია და სწორედ ამიტომ დაიწყო ქვეყნის ხელისუფლებამ რესტორნების მკაცრი რეგულირება, საზოგადოების ცხოვრების დანარჩენი სფეროები კი უფრო გახსნილი დარჩა.
„ჩვენ ვუყურებდით ვირუსის გავრცელებას რესტორნებში, თუმცა ვერ ვხედავდით დაავადების გავრცელებას იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ფეხბურთს თამაშბდნენ და ა.შ. ჩვენ ცალსახად არ გვინახავს დიდი გავრცელება სკოლებში,“ – განაცხადა ანდერს ტენგელმა.
29 სექტემბრიდან შვედეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებისთვის ემზადება. კერძოდ, სპორტულ და ნებისმიერ მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობაზე შეზღუდვები იხსნება. ქვეყანაში ასევე მოიხსნება რეგულაციები რესტორნებისა და კაფეების მუშაობაზე.