ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-სგან უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1918-19 წლებში ესპანური გრიპის, ე.წ. ისპანკას შედეგად. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ისპანკას პანდემია ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიაში დღემდე ყველაზე სერიოზულ პანდემიად მიიჩნეოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ისპანკის შედეგად აშშ-ში 675 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, კოვიდ 19-ის სტატისტიკამ კი ამ ნიშნულს უკვე გადააჭარბა – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს დღემდე 676 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
ეპანური გრიპით დაავადების პირველი შემთხვევები აშშ-ში, 1918 წელს დაფიქსირდა. ითვლება, რომ ეს დაავადება ევროპაში სამხედროებთან ერთად მოხვდა, რომლებიც იქ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობისთვის მიდიოდნენ. შემდეგ ინფექცია აფრიკისა და ინდოეთის ტერიტორიებზე გავრცელდა და რუსეთის იმპერიაშიც ჩააღწია. პანდემიამ დაღმასვლა 1919 წლის გაზაფხულიდან დაიწყო.
სხვადასხვა მონაცემით, გრიპის ამ სახეობით 500-დან 600 მილიონამდე ადამიანი დაავადდა, რაც დედამიწის მოსახლეობის მაშინდელი რაოდენობის 25-30% იყო. გარდაიცვალა 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი.
კორონავირუსით კი დღემდე 229 მილიონი ადამიანი დაავადდა, დაიღუპა 4,69 მილიონი.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ში „დელტა“ შტამის გააქტიურების გამო, კორონავირუსის გავრცელების ტემპები მკვეთრად გაიზარდა. CDC
-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაავადებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება.