ისრაელის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება გახდეს საჭირო. სამი ინექცია უკვე გაიკეთა 2,8 მილიონმა ადამიანმა.
ქვეყანამ უკვე დაიწყო მოსახლეობის მომზადება იმ შემთხვევისთვის, თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება გახდება საჭირო. საუბარია ვაქცინების სათანადო მარაგის შექმნაზე ისეთი სიტუაციისთვის, როდესაც მეოთხე ბუსტერი აუცილებელი გახდება, ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნაჰმან აშმა ერთერთ ადგილობრივ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება ეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უახლოესი 6 თვის განმავლობაში არ მოხდება, და მესამე დოზა დიდი ხნის განმავლობაში საკმარისი იქნება,“ – ციტირებს მის სიტყვებს Bloomberg-ი.
კითხვაზე, დაპირდა თუ არა ისრაელის მთავრობა კომპანია Pfizer-ს, რომ, რევაქცინაციის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მის ვაქცინას გამოიყენებს, ეშმა განაცხადა, რომ მთავრობას მსგავსი ვალდებულება არ აუღია. მისი თქმით, 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებმაც აცრის პირველი დოზა უკვე მიიღეს, ახლა აცრას Moderna-ს პრეპარატით უკეთებენ.
მესამე დოზა ვაქცინის გაკეთების კამპანია ისრაელმა აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ პირველი აცრის ეფექტი ვაქცინაციიდან 5 თვის შემდეგ მცირდება.
15 ივნისს ქვეყნის მთავრობამ ნიღბების ტარების ვალდებულება გააუქმა. თუმცა 25 ივნისს, მას შემდეგ, რაც დაინფიცირების ახალი ტალღა დაიწყო, ეს ვალდებულება აღდგა. მაისში ისრაელის ხელისუფლება აცხადებდა, რომ Pfizer-ის ორი დოზა ვაქცინა ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან 95%-იან დაცვას გამოიმუშავებს.
ივნისში უწყებაში განაცხადეს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა სიმპტომების კუთხით 64%-მდე შემცირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციის და მძიმე მიმდინარეობის რისკს 93%-ით ამცირებს.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის შერონ ალროი პრეისის განცხადებით, თითქმის ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იმყოფება, არავაქცინირებულია. ამასთან, 27 პაციენტიდან, რომლებიც ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატზეა (ECMO) მიერთებული და რომელთა უმრავლესობა 60 წელს ქვემოთ ასაკისაა, 90% ვაქცინირებული არ ყოფილა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 700-მდე მძიმე პაციენტია, მათგან 219 კრიტიკულ მდგომარეობაში.
გასულ 24 საათში ისრაელში კოვიდინფექცია 7 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, 54 გარდაიცვალა.