ისრაელის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში კოვიდრეანიმაცია დახურულია, ვაქცინაციის შედეგად კი დაავადების მძიმე შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული.
ამის შესახებ ისრაელის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ვასილ ხაჩიაშვილმა ტელეკომპანია „,მთავარის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ხაჩიაშვილი გამოეხმაურა მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ისრაელში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ვაქცინაციის არაეფექტიანობაზე მიუთითებს. მისი თქმით, ნონსენსია იმაზე საუბარი, რომ ვაქცინა არ მუშაობს. რეანიმატოლოგის თქმით, გუშინ ისრაელში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 11 ათასი შემთხვევა, დაფიქსირდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტალღა ისრაელს არ უნახავს, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა საგძნობლაადაა შემცირებული. ჯამში ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულია 1200 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. ვასილ ხაჩიაშვილის განმარტებით, ისრაელში ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო და იმ პერიოდიდან უკვე 8 თვეა გასული. „ვაქცინაციის დაწყებიდან 5 თვის თავზე, როცა ჩვენს კოვიდპასპორტებს ვადა გასდიოდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მათი მოქმედება 1 წლით გაახანგრძლივა, თუმცა მე-7 თვის თავზე გავრცელება დაიწყო დელტა ვარიანტმა, რომელიც უფრო ვირულენტურია. ორმაგი აცრა აღარ იყო საკმარისი. მესამე დოზამ აჩვენა მაღალი ეფექტურობა – სამი დოზით აცრილებში ერთ კვირაში ინფიცირებისგან დაცვის ალბათობა დაბრუნდა 86%-ზე, მანამდე 39% იყო. 2 კვირაში 95%-მდე ავიდა, ანუ თითქმის დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს, რაც 1 წლის წინ იყო გაცხადებული. ამას არავინ არ ელოდა, ეს კვლევა სულ მალე გამოქვეყნდება,“- განაცხადა ვასილ ხაჩიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ისრაელში 1 აგვისტოდან მესამე, ბუსტერ-დოზით აცრა 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში დაიწყო, რადგან 2 აცრის შემდეგ დაცვის შემცირება და ანტისხეულების ვარდნა დაფიქსირდა. მესამე დოზით აცრიდან 30 დღის თავზე კი ვხედავთ, რომ სრულად აცრილ პაციენტებში – რომლებმაც გაიკეთეს 3 დოზა ან 2 დოზა 6 თვიან პერიოდში – მძიმე პაციენტები მხოლოდ 5%-ია. 60 წელს ზემოთ ასაკის ჰოსპიტალიზებული პაციენტების 95% კი არის არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი. მესამე დოზით აცრის ასაკობრივმა ზღვარმა აგვისტოს განმავლობაში რამდენჯერმე დაიწია და გუშინდელი დღიდან ისრაელში მესამე დოზით აცრა უკვე 16 წლის ასაკიდან დაიწყო.