მთავარი » მსოფლიო » 100 ათასამდე გადარჩენილი სიცოცხლე – ბრიტანეთმა ვაქცინაციის შედეგები გამოაქვეყნა

100 ათასამდე გადარჩენილი სიცოცხლე – ბრიტანეთმა ვაქცინაციის შედეგები გამოაქვეყნა

ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება ვაქცინაციის შედეგებს აქვეყნებს. ცნობა ფართომასშტაბიან კვლევებს ეფუძნება და მისი მთავარი დასკვნა ასეთია: ვაქცინაციამ ინფექციისგან 23-24 მილიონი ადამიანი დაიცვა, 91 700-დან 98700-მდე  ადამიანი კი სიკვდილისგან იხსნა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის 63,5%-მა მიიღო, ორი კი 54,4%-მა. იმუნიზაციით მოცვა ყველაზე დიდი მაღალ ასაკობრივ კატეგორიებშია. 30 წელს გადაცილებული ადამიანების 95%-ზე მეტს უკვე აქვს ანტისხეულები ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შედეგად.

ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ ვაქცინაციის პროგრამამ ჰოსპიტალიზაციისგან 82100 ადამიანი გადაარჩინა.

კვლევები ემყარება COVID-19-ის საწინააღმდეგო, დამტკიცებული ვაქცინების მსხვილ კვლევებს, რომლებმაც დაადასტურა, რომ ვაქცინები არის ძალიან ეფექტიანი საშუალება სიმპტომური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, თუმცა, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ვაქცინების ეფექტიანობის კვლევა „რეალურ სამყაროში“, რადგან შესაძლოა ეს კვლევა განსხვავებული იყოს კლინიკური ცდების შედეგებისგან.

გარდა ინფექციის გადადებისა, უკვე არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ვაქცინებს სიკვდილისგან დაცვის მაღალი უნარი გააჩნიათ.

გარდაცვალების, ტესტირებისა და ვაქცინაციის მონაცემების შეჯერების შედეგად მტკიცდება, რომ Pfizer-BioNTech-ისა და Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინები დაინფიცირებულ პაციენტს სიკვდილისგან 70-85%-ით იცავს ერთი დოზის მიღების შემდეგ, ორი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში კი ეს დაცვა 95-დან 99%-ს აღწევს.

ანგარიშის თანახმად, მართალია, ადამიანებს შეიძლება ვირუსის სიმპტომები ვაქცინაციის შემდეგაც განუვითარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გადამდებები იქნებიან, თუმცა, კვლევის თანახმად, ვირუსის გამოყოფის დონისა და დაავადების ხანგრძლივობის შემცირების გამო, მათგან ვირუსის გავრცელების რისკი 35-50%-ით მცირდება. სწორედ ეს ციფრები აჩვენა კვლევამ, რომელიც ინგლისში საოჯახო კონტაქტებს შორის ჩატარდა. ამასთან, ეს ადამიანები მხოლოდ ერთი დოზით იყვნენ აცრილები.

გარდა ამისა,  ადამიანები,რომლებიც ვაქცინამ დაინფიცირებისგან გადაარჩინა, ინფექციის გამავრცელებლებიც არ არიან, შესაბამისად, ვაქცინა გადადებისგან ამ კუთხითაც იცავს.

კვლევის ავტორების დასკვნით, დელტა შტამის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით ნაკლები, მაგრამ ის მაინც მაღალია.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …