დაცვა, რომელსაც Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის მსუბუქი ფორმების მიმართ უზრუნველყოფს, როგორც ჩანს შესუსტდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს და აღნიშნავს, რომ ასეთი ტენდენცია ისრაელში შეკრებილი მონაცემების საფუძველზე, დელტა-შტამის გავრცელების შემდეგ გამოიკვეთა. თუმცა გამოცემა წერს იმასაც, რომ დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან ეს ვაქცინა ისევ იცავს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინამ 6 ივნისიდან ივლისის დასაწყისამდე პერიოდში, როცა ხელისუფლებამ შეზღუდვები მოხსნა, დაავადებისგან ბენეფიციარების 64% დაიცვა. მანამდე, 2 ივნისიდან 5 ივნისამდე პერიოდში კი დაცვის მაჩვენებელი 94% იყო. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვაქცინირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია კვლავ მკვეთრად დაბალია.
Pfizer-ის პრეს-მდივანმა ისრაელის მონაცემების კომენტარზე უარი თქვა, თუმცა მიუთითა სხვა კვლევებზე, რომლებიც ახალი მუტაციისგან დაცვას ადასტურებს. მისი თქმით, ეს დაცვა ზოგ შემთხვევაში მხოლოდ მცირედითაა შესუსტებული.
„ამ დროისთვის შეკრებილი მონაცემები ადასტურებს, რომ ვაქცინა გააგრძელებს ამ ვარიანტებისგან დაცვას,“ – განაცხადა პრესმდივანმა.
Ynet-ის მონაცემებით, ისრაელში, სადაც სოციალური შეზღუდვები ივნისის დასაწყისში მოხსნეს, ვაქცინირებულ მოქალაქეებს შორის ინფიცირების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ პარასკევს ახალი ინფიცირებულების 55% ვაქცინირებული აღმოჩნდა.
შექმნილ ვითარებაში მთავრობა შეზღუდვების ნაწილის აღდგენას განიხილავს. მანამდე ხელისუფლებამ დახურულ საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულება დააბრუნა.
ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ ვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაციის გაცემის შესაძლებლობას.
Pfizer-ის გენერალურმა მდივანმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ ადამიანებს, დიდი ალბათობით, დასჭირდებათ ვაქცინის მეორე დოზა სრული ვაქცინაციიდან 12 თვის თავზე.
ისრაელში მსოფლიოს მასშტაბით, ვაქცინაციის ერთერთი ყველაზე ეფექტიანი კამპანია ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოსახლეობის 57% სრულად ვაქცინირებულია.