რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება. ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ კომპანიებს მოუწოდა, რკინის წარმოებისას ტექნიკური ჟანგბადის მოხმარება შეამცირონ. სამინისტროს შეფასებით, ამით საავადმყოფოებში სამედიცინო ჟანგბადის მიწოდება გაიზრდება.
რუსული გამოცემა rbc.ru წერს, რომ COVID-19-ის მესამე ტალღა დაავადების უფრო მაღალი ტემპებით და იმ პაციენტების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია ესაჭიროებათ, რამაც კლინიკებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება გაზარდა.
სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას რუსეთში გერმანული Linde და ფრანგული Air Liquide-ო ახორციელებენ. ფრანგულ კომპანიაში ამბობენ, რომ მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა დააჩქარონ „მედიკალიზაციის“ პროცედურა, რაც სამრეწველო დანადგარების საშუალებით სამედიცინო ჟანგბადის გამოშვებას გულისხმობს.
რუსეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ივნისის დასაწყისიდან ფიქსირდება. ეპიდსიტუაციის გაუარესებას ხელისუფლება ინდური შტამების – დელტა და დელტა პლუსის – გავრცელებით ხსნის. 1 ივლისის მონაცემებით, რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 24 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 17 ივნისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ერთ დღე-ღამეში 672 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დასაწყისის შემდეგ ახალი მაქსიმუმია.