ამ ეტაპზე მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დელტა-შტამია, რომელსაც მანამდე ინდურ შტამად მოიხსენიებდნენ. მსოფლიოს ეპიდემიოლოგები აღიარებენ, რომ კოვიდ 19-ის ეს ვარიანტი დომინანტური ხდება, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა – იგივე ბრიტანული შტამი.
ეს შტამი გახდა იმის მიზეზი, რომ ისრაელმა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის გახსნის გეგმები გადადო და შიდა სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულება აღადგინა. ქვეყნის მცდელობა, დაბრუნებოდა ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სწორედ დელტა-ვარიანტის გავრცელებამ შეაფერხა. ახალი შემთხვევები ერთნიშნა მაჩვენებელზე ივნისში ჩამოვიდა, თუმცა მიმდინარე კვირაში, ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ინფიცირების დღიური რიცხვი 100-ზე მეტია. დაინფიცირებულთა უმეტესობა აუცრელი ბავშვები და უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები არიან. ზოგიერთი ინფიცირებული ფაიზერის ვაქცინით სრულადაა იმუნიზებული.
კვლევების თანახმად, კოვიდ 19-ის დელტა ვარიანტზე ახალი შემთხვევების მეოთხედი მოდის იტალიის რამდენიმე ნაწილში, რაც ვირუსის მუტაციის ძალიან დიდ მასშტაბებზე მიუთითებს. ინდოეთში აღმოჩენილმა ვარიანტმა ქვეყნების ნაწილი აიძულა, გადაეხედათ ეკონომიკის აღდგენის გეგმები.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება რუსსეთში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 601 პაციენტი კი გარდაიცვალა. მოსკოვის მერის განცხადებით , ინფიცირების შემთხვევების 90% დელტა-ვარიანტზე მოდის.
რუსეთში რეგიონების ნაწილში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. მოსკოვში შემოიღეს რეგულაცია, რომლის თანახმადაც არავაქცინირებულ დასაქმებულებს მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. 28 ივნისიდან კი თანამშრომელთა მინიმუმ 30 % დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეს.
თუმცა დელტა-შტამი კორონავირუსის ბოლო მუტაცია არ არის – რამდენიმე დღის წინ ინდოეთმა აღნიშნული შტამის ახალი ვარიანტის – დელტა პლიუსის არსებობა დაადასტურა.
ამ შტამით დაინფიცირების ერთეული შემთხვევებია დადასტურებული აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. დელტა-პლიუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ განაცხადა რუსეთმა. ინდოეთის ეპიდემიოლოგიური სამსახურის განცხადებით, ამ შტამს ინდურ შტამთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი გადამდებლობა ახასიათებს და მისით ადამიანი, შესაძლოა, ქუჩაში, შემთხვევითი გამვლელისგან დაინფიცირდეს, რომელსაც პირბადე არ უკეთია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინდური შტამი ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე პირველადი, უხანის ვარიანტი. წინასწარი ინფორმაციით, ის ზრდის დაავადების მძიმედ განვითარების რისკს. თუმცა ამ შტამის ახალი ვარიანტი – დელტა პლიუსი – კიდევ უფრო აგრესიული გავრცელებით გამოირჩევა და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, აქვს ძლიერი უნარი, დააზიანოს ფილტვები.