კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ინდოეთში ვრცელდება და უკვე მითო „დელტა პლიუსის“ სახელწოდება („დელტა“ ე.წ. ინდურ შტამს ეწოდება), უკიდურესად გადამდებია. იმ შემთხვევშიც კი, თუ ამ შტამით დაავადებულ, ნიღბის გარეშე მყოფ ადამიანს უბრალოდ გვერდით ჩაუვლით, მაღალია ალბათობა, რომ დაინფიცირდებით. ამის შესახებ ინდოეთის მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რანდილ გულერიამ განაცხადა. ინფორმაციას India Today ავრცელებს და წერს, რომ მეცნიერების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვირუსის გამძლეობა ანტისხეულების მიმართ და მისი უნარი, გვერდი აუაროს იმუნიტეტს, თუმცა ის ზოგადი ზომები, რომლებსაც ადამიანები COVID-19-სგან დაცვის მიზნით იყენებენ (პირბადე, დისტანცია, ხელის ჰიგიენა), ამ შტამის მიმართაც ეფექტიანია.
მეცნიერის თქმით, ახლა ლაბორატორიები სწავლობენ ვაქცინების ეფექტიანობას დელტა-პლიუსის შტამის მიმართ.
იმის შესახებ, რომ ქვეყნის მჭიდროდდასახლებული შტატების რამდენიმე რაიონში „დელტას“ ახალი ვარიანტი გამოვლინდა, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, ახლა კი ახალი შტამის გენომის სექვენირება მიმდინარეობს.
ქვეყნის ლანორატორიული კონსორციუმის დასკვნით, დელტა-შტამის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, მეტადაა დაკავშირებული ფილტვების უჯრედებთან და, როგოც ჩანს, ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას მონოკლონალური ანტისხეულების ტექნოლოგიით. ინდოეთის შტატების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაცია, გააძლიერონ კოვიდსაწინააღმდეგო ზომები და გაზარდონ ვაქცინაციისა და ტესტირების მასშტაბები.
საწყისი „დელტა“ (იგივე ინდური) შტამი ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად გავრცელდა. აღნიშნული შტამი ახლა არაერთ ქვეყანაში დომინირებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა 10-15 პროცენტი სწორედ ამ შტამზე მოდის და, შესაძლოა, ეს შტამი უახლოეს მომავალში დომინანტი გახდეს.