მთავარი » მსოფლიო » „ინდური შტამი“ ყველაზე სწრაფად 20-29 წლის ახალგაზრდებში ვრცელდება  –  ქვეყნები რეგულაციებს უბრუნდებიან

„ინდური შტამი“ ყველაზე სწრაფად 20-29 წლის ახალგაზრდებში ვრცელდება  –  ქვეყნები რეგულაციებს უბრუნდებიან

დელტა, იგივე ინდური შტამი მსოფლიოს სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის და იმ ქვეყნებს, რომლებმაც წარმატებული ვაქცინაციის შედეგად შეძლეს კოვიდ19-ის გავრცელების შეჩერება, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის მონაცემებით, ოპტიმისტური ტენდენციები შემაშფოთებელი პროცესებით იცვლება დიდ ბრიტანეთში, სადაც თებერვლის შუა პერიოდის შემდეგ ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ექსპერტების განმარტებით, ინფექციის გავრცელების ამჟამინდელი ტალღა მაღალი გადამდებლობით გამორჩეულ დელტა -ვარიანტს (ე.წ.  ინდური შტამი) უკავშირდება და მან შესაძლოა რამდენიმე კვირაში პიკს მიაღწიოს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთშაბათს ინფიცირების 11 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დიდ ბრიტანეთში დაავადების შემთხვევები იმის მიუხედავად იზრდება, რომ ქვეყანაში 10 მოქალაქიდან 8 ვაქცინირებულია. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რეგულაციების შერბილებას 4 კვირით გადადებს, რათა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს მეორე დოზა ვაქცინა, რაც, კვლევების თანახმად, მნიშვნელოვნად ზრდის ახალი შტამისგან დაცვას.

ინფექციის მიმდინარე აფეთქება აუცილებლად გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლის მატებას – ამის შესახებ ინგლისის მთავარმა ექიმმა კრის უითიმ განაცხადა.

აფეთქების შესაძლო მასშტაბები ჯერ კიდევ უცნობია და, როგორც ექიმი ამბობს, ჯანდაცვის ეროვნული სამსახური უნდა მოემზადოს ზამთარში, ინფექციის ახალი ტალღისთვის.

ამასთან, მონაცემები ადასტურებს დაავადების მაჩვენებლის ზრდას კორნუელში, სადაც გასულ კვირაში დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართა.

Public Health England-ის კვლევების თანახმად, ინფიცირების დონე იზრდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე მაღალი ტემპები 20-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების ჯგუფშია.

იგივე ვარიანტს უკავშირებენ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდას პორტუგალიაში, რის გამოც შაბათ-კვირას ლისაბონში შესვლა და გამოსვლა იზღუდება.

ილინოისის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა, რომ მას ყველაზე მეტად ახლა დელტა-ვარიანტი აშფოთებს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს 12 წლამდე ბავშვებს უქმნის – მათ, ვისაც ვაქცინაციის უფლება არ აქვთ. გუშინ შტატის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამ ვარიანტის 64 შემთხვევა დაფიქსირდა.

·

„როგორც ჩანს, დელტა-ვარიანტი დომინირებს არავაქცინირებულ ადამიანებში, ამიტომ სწორედ ბავშვებზე ვარ კონცენტრირებული,“ – განაცხადა გუბერნატორმა. აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრები დელტა-შტამს განსაზღვრავენ, როგორც „შეშფოთების გამომწვევ ვარიანტს“. მათი განცხადებით, ახლა ვირუსის ეს სახეობა ყველა შემთხვევის 10%-ს შეადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატები 3,2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ანტივირუსული პრეპარატების შემუშავებაში არა მხოლოდ Covid-19-ის, არამედ სხვა ვირუსების მკურნალობის მიზნით, რომლებიც პანდემიის პოტენციალს შეიცავს.

თანამშრომლობა, რომელიც შტატების ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებსა და ბიოსამედიცინო კვლევების სამმართველოს აერთიანებს, მიმართულია ანტივირუსული პრეპარატების შექმნისკენ, რომელთა მიღება სახლის პირობებში, დაინფიცირების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ბიზნესი, რომელიც ვაქცინაციის ფონზე, თანდათანობით აქტიურდება, თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების გეგმებს ამუშავებს.

Bank of America ელოდება, რომ ყველა ვაქცინირებული თანამშრომელი ოფისებს სექტემბრიდან დაუბრუნდება, რის შემდეგაც ბანკი უკვე არავაქცინირებული დასაქმებულების დაბრუნების გეგმას შეიმუშავებს. საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი კი სრულად ვაქცინირებული თანამშრომლების დაბრუნებას მომდევნო თვიდან დაიწყებს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …