ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ამ ქვეყანაში წარმოებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია, მათი ეფექტის გასაზრდელად ვაქცინების კომბინირების შესაძლებლობა განიხილება. ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გაო ფუმ განაცხადა. მისი თქმით, განიხილება დოზების და აცრებს შორის შუალედის შეცვლის საკითხიც.
“ჩინურ ვაქცინას არ გააჩნია დაცვის ძალიან მაღალი დონე,” – განაცხადა გაო ფუმ.
ევრონიუსის ცნობით, პეკინმა უკვე ასობით მილიონი დოზა ვაქცინა გაანაწილა საზღვრებს გარეთ და ცდილობს ეჭვები დათესოს Pfizer-BioNTech-ის ეფექტიანობის მიმართ, რომელიც mRNA-ს ტექნოლოგიით მზადდება.
euronews.com-ის თანახმად, ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანიის Sinovac-ის ვაქცინა კოვიდის სიმპტომური ინფექციისგან 50.4%-ით იცავს, რაც ახლოსაა 50%-იან ზღვართან, რომლის შემდეგაც ექსპერტები ვაქცინას სასარგებლოდ მიიჩნევენ. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობა 97%-ს აღწევს.
Sinovac-ის წარმომადგენელმა ლიუ პეიჩენმა განაცხადა, რომ ამ ვაქცინის შემთხვევაში ეფექტიანობის სხვადასხვა დონე გამოვლინდა, რაც შესაძლოა, ადამიანების ასაკს,
ვირუსების შტამებს და სხვა ფაქტორებს უკავშირდებოდეს.
კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, Sinopharm-ის ვაქცინების ეფექტიანობა 79.3% და 72.5%-ია.
უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელმაც ჩინური ვაქცინა დანერგა.