სპეციალისტები გრიპის სეზონის დაწყებას პროგნოზირებენ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გააქტიურების გამო არ გამოირიცხება, რომ ვირუსი მალე საქართველოშიც გავრცელდეს. თუმცა, ქართველი ექიმები ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებული ვირუსი წელს არ უნდა იყოს.
სპეციალისტების განცხადებით, B ტიპის ვირუსი საქართველოში ჯერჯერობით არ დადასტურებულა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ვირუსი, რომელიც გავრცელებულია ევროპულ ქვეყნებში, მალე საქართველოშიც შემოვა.
რაც შეეხება ვირუსის სიმპტომებს – მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი ხველებით და გართულების შემთხვევაში, ის გადადის პნევმონიაში.
მედიკოსები რისკჯგუფის წარმომადგენლებს – ხანდაზმულებს, ორსულებს, მცირეწლოვნებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს ურჩევენ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.
„გართულება ნებისმიერი გრიპისათვის ითვლება ვირუსული პნევმონია, რომელიც პირველივე დღეებში იწყება, უფრო მოგვიანებით გართულებად ბაქტერიული პნევმონია, ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულება ოტიტებით, მენინგიალური მოვლენებით და ა.შ. “რაც შეეხება B გრიპის შემთხვევას ამ დროს მოსალოდნელია ავადობის უფრო მაღალი დონე, თუმცა საქართველოში არცერთი ამ ტიპის ვირუსი რეგისტრირებული არ არის,“
– აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.