აზიურმა ფაროსანამ, იგივე აზიურმა ბაღლინჯომ, რომელიც საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სოფლის მეურნეობა, ფაქტობრივად, გაანადგურა.
მწერმა 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მწარმოებლები მნიშვნელოვნად დააზარალა. წელს კი, მან თითქმის სრულად გაანადგურა არა მხოლოდ თხილის მოსავალი, არამედ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის კენკროვანი, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები.
მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში, მოსახლეობას მასობრივი შიმშილი ელოდება. მათ ფინანსური შემოსავლის ძირითადი წყარო – თხილი და ციტრუსი აღარ აქვთ, ასევე, აღარ აქვთ, ან სერიოზულად შემცირდა სიმინდის მოსავალი, რაც მოსახლეობის, ასევე შინაური ცხოველებისა და ფრინველების ძირითად საკვებს წარმოადგენდა. მაგალითად, თუ შარშან გლეხი 1 ჰექტარი ფართობიდან 40 კალათ სიმინდს იღებდა, წელს იგივე ფართობიდან 1,5 კალათი სიმინდი აიღო.
ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ არის დაავადებების გადამტანი მწერი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მწერები იკბინებიან და მოსახლეობაც ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ სახლებში ათასობით მწერის შესვლის გამო, ადამიანებს ნერვული შეტევები დაემართათ და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლის მიზნით მუდმივმოქმედ კომისიას ქმნის. არაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტიდან აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ქიმიური ნივთიერების შეძენის მიზნით დამატებითი თანხები გამოიყოფა. დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ე.წ. მინისტრს რუსი კოლეგები არაღიარებულ რესპუბლიკაში ჩასვლას, ვითარების შესწავლასა და შემდგომ დახმარებას ჰპირდებიან.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეც. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატებისა და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათას ჰექტარამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები; სამეგრელოს რეგიონი – 95 911; გურია – 50 670; იმერეთი – 38 838; აჭარა – 13 000. ასევე, პრეპარატების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. პრეპარატებთან ერთად, მოსახლეობას ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.
„ჩვენ აგვისტო-სექტემბერში ზუგდიდში, აბაშასა და მარტვილში 7, 800 ჰექტარი სიმინდის ფართობი შევწამლეთ და 100%-იანი შედეგი გვქონდა. აღსანიშნავია, რომ მწერები მოწამლულ ტერიტორიაზე აღარ შედიან. ტერიტორიები მხოლოდ ერთხელ შევწამლეთ, ვინაიდან სურსათის უვნებლის სააგენტომ გვიან აღმოაჩინა ჩვენი მანქანა, რომელიც უნიკალურია. ის რუსული სამხედრო დანიშნულების მანქანაა, რომელიც გადაკეთებულია. მას წამლის ღრუბელი 200-250 მეტრზე გადააქვს“, – აცხადებს „პირველთან“ საუბარში „გარდ სერვისის“ მფლობელი რობერტ დევდარიანი.
მავნებელმა უკვე შემოაღწია აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც. თბილისში აზიური ფაროსანას ნახვა შესაძლებელია არა მხოლოდ პარკებში, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები ჯერ არ დაწყებულა.
„ვაპირებთ მეცნიერებთან შეხვედრას და ამ კონკრეტულ საკითხზე ჩამოყალიბებას. უახლოეს დღეებში დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები. როგორ მოხდება შეწამვლა, ჯერ არ ვიცი, რადგან კონკრეტული გეგმა ახლა მუშავდება“, – უთხრეს „პირველს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში.
„ჩვენ თბილისის მერიის ტენდერიც გვაქვს მოგებული. მავნებელი ვაკის პარკში დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს. ეს ტერიტორია ივნისში შევწამლეთ. ალბათ, ისევ დაგვიძახებენ. თუმცა, დედაქალაქის მერიას ჯერ არ მოუმართავს. ახლა პროგრამაში გვაქვს მახათას მთაზე შეწამვლითი სამუშაოები. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფაროსანაზე, გარდა ამ მავნებლისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 24 დასახელების მავნე მწერის შემოტევა ფიქსირდება“, – აცხადებს რობერტ დევდარიანი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყება თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს. დაგეგმილია მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება. ქიმიური წამლობა პარკებსა და ბაღებში მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.
„გარდ სერვისის“ მფლობელი რობერტ დევდარიანი ქვეყანაში მავნებელი მწერების გავრცელებას ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის არარსებობას უკავშირებს. მისი თქმით, ბზის ალურა და აზიური ფაროსანა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოში აფხაზეთის მხრიდან გავრცელდა.
სპეციალისტის განმარტებით, მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად რამდენიმეწლიანი ბრძოლაა საჭირო. მდედრი ფაროსანა 200-დან 250-მდე კვერცხს დებს, თითოეული კი 3 თვის თავზე – 250-მდე კვერცხს, შესაბამისად, 1 აზიური ფაროსანა სეზონზე 40 ათასამდე მწერს ამრავლებს.
2017 წელს, მავნებლის მიერ დასავლეთ საქართველოსთვის მიყენებული ზარალი ოფიციალურად დათვლილი არაა, თუმცა მოსავლის უმეტესი რაოდენობა განადგურებულია, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება.