მთავარი » ჯანდაცვა » „საქართველოში ერთ ექიმზე ერთი ექთანიც ვერ მოდის“ – ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს
საქართველოში ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს და პრობლემის მოგვარებას ექთნების გადამზადების პროგრამას გეგმავს.

„საქართველოში ერთ ექიმზე ერთი ექთანიც ვერ მოდის“ – ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს

საქართველოში ექთნების დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს და პრობლემის მოგვარებას ექთნების გადამზადების პროგრამას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით , „ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ საექთნო პროფესია რეგულირებადი გახდეს, რამაც ექთნების კვალიფიკაციის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს“.

ქვეყანაში ექთნების საგანგაშო რაოდენობაზე “კომერსანტი” უკვე წერდა. სპეციალისტების განცხადებით, დღეს ერთ ექიმზე 4-5-ის ნაცვლად, ერთი ექთანიც  ვერ მოდის.

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ექთნების საგანგაშო მაჩვენებელს მათი არაკვალიფიციურობის პრობლემაც ემატება.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით,  2015 წელს ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 24 307 იყო, ხოლო ექთნების – 15 781. 2016 წელს ექთნებისა და ექიმების რაოდენობამ იმატა, თუმცა ბალანსი იმისა, რომ ექიმები ექთნებს სჭარბობენ, იგივე დარჩა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 17 093 ექთანი და 26 552 ექიმია.

ექთნების დეფიციტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც ადასტურებს. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა „კომერსანტს“ განუცხადა, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ექიმების უზრუნველყოფის მაჩვენებელი ექთნების უზრუნველყოფის მაჩვენებელს გაცილებით აღემატება.

„ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა არის 0,67, ანუ ერთ ექიმზე ერთი ექთანიც ვერ მოდის. ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა ჯანდაცვის სისტემის წინაშე, არამედ კარგა ხანია დგას. 1995 წლიდან ექთნებისა და ექიმების თანაფარდობამ კლება დაიწყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ეს თანაფარდობა 4:1-თან უნდა იყოს, ანუ ოთხ ექთანზე ერთი ექიმი მოდიოდეს“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ექთნების დეფიციტური რაოდენობა გვაქვს, არის მეორე პრობლემური საკითხიც – საქართველოში ექიმების რაოდენობა მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია: პრობლემა არის ისიც, რომ ექიმების რაოდენობა მთელს ევროპაში ერთერთი ყველაზე მაღალია. თანაფარდობა ამიტომაც არის დარღვეული. ეს ტენდენციაც 90-იანი წლებიდან მომდინარეობს.“

რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, ნათია ნოღაიდელის განმარტებით,  ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ექიმისა და ექთნის კომპეტენციების გამიჯვნაზე. რაცშეეხება ახალგაზრდებისთვის მოტივაციის გაზრდის და დაფინანსების საკითხებს, ამ მიმართულებით განათლების სამინისტრომ უნდა იმუშაოს

„ექიმისა და ექთნის კომპეტენციები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული. ამასთან, ექიმისა და ექთნის საჭიროების გარკვეული სტანდარტების შემოღება უნდა მოხდეს, ანუ დაწესებულებებს რამდენიმე ექიმი და ექთანი უნდა ჰყავდეს. ესეც ნაწილობრივ დაწყებულია და სანებართვო პირობების გადახედვა მიმდინარეობს. რაც ყველაზე მთავარია, საექთნო განათლების პოპულარიზაციაა საჭირო, რაზეც განათლების სამინისტრომაც უნდა იზრუნოს. საექთნო პროგრამების მიზნობრივი დაფინანსების საკითხის განხილვა აუცილებელია, რაც ახალგაზრდებს მოტივაციას გაუზრდის“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

ამასთან, ნათია ნოღაიდელის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ საექთნო პროფესია რეგულირებადი გახდეს, რამაც ექთნების კვალიფიკაციის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს.

„ოფიციალური სტატისტიკა ან კვლევები ექთნების კვალიფიკაციის შესახებ არაა ჩატარებული, თუმცა ვიცით, რომ არის შემთხვევები, როცა ისინი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. სამინისტროს ამ მიმართულებითაც დაწყებული აქვს მუშაობა. საექთნო პროფესია ისეთივე რეგულირებადი უნდა გახდეს, როგორც ექიმის პროფესია. კერძოდ, სერტიფიცირების ინსტრუმენტის არსებობაა საჭირო. დასაქმებული ექთანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მზადებას უნდა გადიოდეს. ამას ევროკავშირის სტანდარტებიც ითხოვს“, – განმარტა ნოღაიდელმა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …