საქართველოს პარლამენტის წევრის, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას განცხადებით, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მაჟორიტარი დეპუტატი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე მუნიციპალიტეტების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ორივე მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ცენტრალური საავადმყოფოების მიმდებარედ აშენდება.
„ახალი ცენტრი მოგვცემს შესაძლებლობას, სამედიცინო დახმარების ბრიგადები უფრო ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და ინტენსიურად მოემსახურონ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს. მარტვილში მშენებლობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების თანახმად ის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის ექიმებს ჰქონდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი გარემო. პროექტის მიხედვით სამედიცინო პერსონალისათვის გათვალისწინებული იქნება როგორც სამუშაო, ასევე მოსასვენებელი ოთახები. იგეგმება ახალი ფორმების გადაცემაც“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მათივე ინფორმაციით, მარტვილში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობას შპს “ნიუ ბილდ გრუპი” აშენებს. ხელშეკრულების თანახმად, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება 126 899 ლარს შეადგენს, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტში მშენებლობა 2018 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.