დღეს სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა.
მასთან ერთად ჰოსპიტალში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლოკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადმიერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.
ირაკლი ალასანიამ სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დღეს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილის მემორიალური დაფა გახსნა. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით სამხედრო ჰოსპიტალს დღეიდან დაღუპული ექიმის სახელი მიენიჭა.
დღესვე ირაკლი ალასანიამ ჰოსპიტლის ხელმძღვანელთან ერთად დაღუპული მედიკოსების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედრო ექიმებს სიტყვით მიმართა:
„21 წელია რაც სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავთ. 21 წელია თქვენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. შეიარაღებული ძალების სახელით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი შრომისთვის. სამხედრო ექიმი ორმაგად დასაფასებელია, რადგან ის იცავს სამშობლოს და მათ, ვინც ჩვენს სამშობლოს ემსახურება. ძალიან ბევრი ექიმი შეეწირა მტრის ტყვიას. ლერი ლაგურაშვილს, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი ცხინვალში, თავის თავზე არ უფიქრია. მან პირველ რიგში დაჭრილი სამხედროების ევაკუირება მოახდინა თავის სიცოცხლის ფასად.
ჩვენ არაერთი ასეთი მაგალითი გვაქვს. გორის ჰოსპიტალი უმძიმეს დღეებში არ მიუტოვებია მედ პერსონალს. გამოცხადებული ევაკუაციის მიუხედავად, სამუშაო ადგილზე დარჩა გიორგი აბრამიშვილი, რომელიც სწორედ ამ ადგილას რუსულ ნაღმს შეეწირა. დღეს ჩვენს სამხედრო ჰოსპიტალს გიორგი აბრამიშვილის სახელი მიენიჭა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ არა მხოლოდ მას, არამედ ყველა იმ ექიმს, ვინც სამხედრო ფორმა ჩაიცვა და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადგა.
ჰოსპიტალი მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენს შეიარაღებულ ძალებში. მისი გამართული ფუნქციონირება არა მხოლოდ ომის, არამედ მშვიდობის დროსაც აუცილებელია. მიხარია, რომ აქ კეთდება ურთულესი ოპერაციები და ჩვენი სამხედროების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია.“
ღონისძიების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ჰოსპიტალი დაათავლიერა. ირაკლი ალასანია თანამშრომლებს პირადად შეხვდა და გაესაუბრა. სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს 1992 წლიდან აღნიშნავენ.