საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ გამოცემული 2017 წლის 28 ივნისის ბრძანების – №01-42/ნ-ის მიხედვით, ახალი რეგულაციები წესდება და სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დიპლომის შემდგომ განათლებას საზღვარგარეთის ქვეყნებში იღებენ და ეს განთლება ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებული სარეზიდენტო პროგრამებით არ არის მიღებული, საქართველოში ექიმის ლიცენზიის მიღება ეზღუდებათ.
კერძოდ კი, ამ ქვეყნების ჩამონათვალში დსთ-ს ქვეყნებიდან რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი მოხვდა.
როგორც რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს რიგით მე-7 სხდომაზე გახდა ცნობილი, საგამოცდო სესიის შედეგების მონაცემების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა 56%-მა, ხოლო საქართველოში რეზიდენტურა დამთავრებული 142 სტუდენტიდან კი, 80%-მა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, ცვლილებები იმ განსხვავებების დაბალანსებას ემსახურება, რომელიც საქართველოში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში დიპლომის შემდგომი განათლების მიმართულებით იყო.
„ჩვენ არ გვაქვს საწინააღმდეგო ბელარუსის ან უკრაინის დიპლომის შემდგომი განათლების კურიკულუმებთან, მაგრამ ამავე დროს, ვალდებულები ვართ, ჩვენი პაციენტები უზრუნველვჰყოთ ხარისხიანი და მაღალი კლასის ჯანდაცვით. იმ ცვლილებებში, რაც შევიდა, გათვალისწინებული იქნა გარდამავალი ეტაპის შეღავათები დიპლომის შემდგომი განათლების მაძიებლებისთვის“ – განაცხადა დავით სეგეენკომ.
ჯანდაცის მინისტრის ამ ბრძანებას, იმ სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც დიპლომის შემდგომ განათლებას დსთ-ს ქვეყნებში იღებენ.
როგორც “აიპრესმა” გაარკვია, აღნიშნულ რეგულაციას “საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაცია” დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა. მიზეზი კი ასოციაციის აზრით, დსთ-ს ქვეყნებიდან არაპროფესიონალი ექიმების დიდი ნაკადია.
“აიპრესი” აღნიშნული ასოციაციის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ნ. ბოხუას სახ. საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორს, კონსტანტინე ყიფიანს დაუკავშირდა.
“სტუდენტების პროტესტი აბსურდია, მე ამას თამამად ვამბობ და აღშფოთებულიც კი ვარ. ამაზე ჩვენი ასოციაცია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ის რაც კეთდებოდა ძალიან ცუდი იყო. უბრალოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ისრაელში, რომ გახდე სისხლძაღვთა ქირურგი 12 წელიწადი რეზიდენტურა უნდა გაიარო, აშშ-ში 8 – 7 წელი.
ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ რეზიდენტურა, ჩვენი ქვეყნის სტანდარტი – 5 წლიანი, რა თქმა უნდა, ესეც ცოტაა, მაგრამ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, რომელიც იყო საქართველოში.
2002 წელს, როდესაც დანგრეული იყო კლინიკები, ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იყო სტუდენტები გაეგზავნათ რუსეთში, ბელარუსში და უკრაინაში, სადაც რეზიდენტურის ინსტიტუტი არ არსებობს, მხოლოდ ორდინატურაა, რაც აბსოლუტურად ფორმალური დაწესებულებაა. რა თქმა უნდა, ისინი დადიან ორდინატურაში, მაგრამ თეორიულ ცოდნას არ ღეუბულობენ, ისინი ხელოსნებიც კი არ ხდებიან, მხოლოდ მუშა ხელი არიან, აღარ ვლაპარაკობ ექიმებოაზე.
– რატომ მაინც და მაინც რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი…
– იმიტომ, რომ რუსეთში, უკრაინაში და ბელარუსში სისხლძარღვთა ქირურგიის ბაზისური ცოდნა საერთოდ არაა და სამივე ქვეყანაში საბჭოთა სისტემაა.
მაგალითად, ის ადამიანი, რომელიც 2 წელიწადი მუშახელი იყო და მხოლოდ „კრუჩოკებზეა“… ასეთები მოდიან ნაკადად, რის გამოც ვიმკით იმ უბედურებას, არის ასეთი გამოთქვა: он вооружен и опасен… ანუ, შეეძლო გამოცდა ჩაებარებინა, აქვს დიპლომი, მაგრამ ცოდნა ნოლი!
მე ვარ ექსპერტი სისხლძარღვთა ქირურგიაში, ნახეთ როგორი ვითარებაა, როდესაც არის ბევრი კერძო კლინიკა, სადაც სჭირდებათ ანგიოქირურგი, ამის რეგულირება შეუძლებელია. ისინი რთულ ოპერაციებს აბსოლუტური შეცდომით აკეთებდნენ, ანუ ეს ძალიან დიდი ხიფათია პაციენტისთვის. 2 წლიან ქირურგს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რადგან ლიცენზია აძლევს ამის უფლებას, 2 წლიან ქირურგს შეუძლია გული გადანერგოს, ასეთი უბედურება გვჭირს!
– ექიმთა კორპუსისთვის თქვენი განცხადება შეურაცხმყოფელი იქნებდა…
– მე ამას თამამად ვამბობ და დაწერეთ! მივიღეთ ის, რომ 2 წლიან ორდინატურაში ნასწავლი ექიმებს პრაქტიკა არ აქვთ და სახიფათო არიან პაციენტისთვის, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი უცოდინარები არიან!
– ანუ, საქართველოში რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების ცოდნა მაღალია?
– ჩვენი ქირურგები რეზიდინატურაში 5 წლიან საკმაოდ კარგ ტრენინგებს გადიან. წარმოიდგინეთ, ერთად ამთავრებენ ინსტიტუტს და ის მიდის რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში და 2 წელიწადში ორდინატურა დამთავრებულები ხდებიან ექიმები, ხოლო ჩვენთან რეზიდენტურა დამთავრებულმა კი 3 წელიწადი კიდევ უნდა იმუშაოს და ცოდნითაც კი 10 თავით უკეთესი არიან. ეს აბსურდი უნდა დასრულდეს!
ალბათ გახსოვთ, ზვიად გამსახურდიას პერიოდი იყო, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტის კიბეებთან დაიწყეს საპროტესტო აქცია, სტუდენტებმა მიგვიღეთ-მიგვიღეთო… ამის შედეგს ახლა ვიმკით. ჩვენ მივიღეთ უცოდინარი ექიმები! ექიმების ძალიან დიდი პლეადაა, რომლებიც ფაქტობრივად პროფესიის გაღმა არიან.
– ეს განცხადება ხომ არ ეწყინება ექიმთა კორპუსს?
– არა! მე ფეხებზე მკიდია! მე განვიცდი ამას! ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე ავტორიტეტი მაქვს სისხლძარღვთა ქირურგიაში. ცხონებული ნოდარ ბოხუა და მე აგურს აგურზე ვდებდით, რომ ქვეყანაში სისხლძარღვთა ქირურგია განვითარებულიყო, ასეთი განათლება კი ანგრევს ყველაფერს.
როგორც სარანჩა, ისე შემოესიენ უცოდინარი ექიმები საქართველოს. მაგალითად, სოფლიდან ჩამოდის ადამიანი, მიადგება ამ გარემონტებული კლინიკას და აქ უნდა გავიკეთოო ოპერაცია, მიადგება ეს უცოდინარი სისხლძარღვთა ქირურგი, შეიძლება კი იცის, როგორ მიაკეროს, მაგრამ რისთვის მიაკეროს ან რატომ უნდა მიაკეროს, ეს არ იცის, იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს, ასეთი რა ნიჭიერები ვართ, რომ ამერიკაში 8 წელიწადი უნდა სწავლას და ესენი კი 2 წელიწადში სწავლობენ ყველაფერს?! ჩვენ რა, ისეთი ჭკვიანები ვართ ქართველები, რომ „დედას ვუტირებთ“ ყველაფერ ამერიკელებთან შედარებით?!
ახალ რეგულაციებზე სტუდენტების პროტესტი უსაფუძვლოა და ამისთანა პროტესტანტებს მართალი გითხრათ, არ მივღებდი, იმიტომ რომ უნამუსოები არიან. იციან ძალინ კარგად, რომ ორ წელიწადში პროფესიონალი ვერ გახდები!
– რა უნდა გააკეთონ 2 წლიანი კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულებმა იმისთის, რომ საქართველოში ექიმად დაიწყონ მუშაობა?
– ორ წელიწდს, რომელსაც ისინი გავლით გადიან, უნდა შეივსოს და გაუთანაბრდეს იმ რეზიდენტებს, რომელებიც საქართველოში არიან. მე, სადღაც 45 წლის რომ გავხდი მაშინ მივხდი რომ რაღაც ვიცი, ამ კი ჰგონიათ ყველაფერი იციან.
ჩვენი რეზიდენტები 5 წლის შემდეგ დამოუკიდებლად აკეთებენ ოპერაციას. მე კატეგორიულად და ხმალამოღებული ვიბრძოლებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეს რეგულაცია მკაცრად ამოქმედდეს. ეს უფრო ადრე უნდა მიეღოთ. იმათ რა ვუყოთ, რომლებმაც 2 წლიანი რეზიდენტურა დაამთავრეს, მათ ხომ ვერ მოვთხოვთ, რომ ახალი კანონის გაიარონ?
– ანუ, თქვენთვის სრულად მისაღებია ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული რეგულაციის ამოქმედება?
– დიახ, მე მოვუწოდებდი ჯანდაცვის სამინისტროს, ამისთვის ვიბრძოდი, რომ ეს გაეკეთებინათ. ჩვენი ასოციაციის მიერ იქნა ეს წინადადება შეთავაზებული.
ვეთანხმები კი არა, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ასე იყოს! თქვენ ნუ გეშინიათ ჩემი რეპუტაციის, გაბრაზდნენ და ცივი წყალი დალიონ!
ეს კანონი თუ არ ამოქმედდა, დაიღუპება დარგი, შემოესევიან ექიმები კი არა უცოდინარი ხელოსნები.
– რატომ არის აქცენტი უკრაინაზე, რუსეთზე და ბელარუსზე გადატანილი?
– ამ ქვეყნებში რეზიდენტურის პროგრამაზე ახლა გადადიან და ინსტიტუტი არ არსებობს. იქ მე-6 კურსს რომ დაამთავრებ ადამიანი, შემდეგ არის ორდინატურა, რაც ნიშნავს ორწლიან სწავლებას, რის შემდეგ აძლევენ დიპლომს, მაგრამ ის დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს ოპერაციას. ამისთვის კი უნდა გაიაროს პოსტდიპლომური კვალიფიკაცია. რუსეთში, უკრაინაში და ბელარუსში ახლა ამბობენ, რომ ეს არის ცუდი.
ჩემი შვილი 5 წელიწადი სწავლობდა და ყველაზე იოლი იქნებოდა 2 წლით წასულიყო და მიიღებდა დიპლომს, თუმცა 5 წელი იმუშავა, შედეგ კი 3 წელი ასპირანტურაში იყო, მაგრამ რომ დაბრუნდა, ისიც არ იყო სპეციალისტი და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მე ჩემი შვილი არ დავზოგე…. ამათ კი ფეხებზე ჰკიდიათ პაციენტს ავნებს თუ არა, იმიტომ რომ ნამუსი არ აქვთ. 2 წელიწადში ვერ იქნება ჩამოყალიბებული სპეციალისტი!
ჩვენ თუ გვინდა ევროპული გზით წასვლა, ეს ცვლილება აუცილებელია. თქვენი აზრით, რატომ გააკეთა ამერიკამ 8-7 წელიწადი? მხოლოდ ამ წლების გავლის შემდეგ მიუშვებენ პაციენტთან. იცით რატომ, იმიტომ რომ პაციენტი იყოს უსაფრთხოდ.
ეს არის ჩვენი შვილები, ჩვენი მშობლების უსაფრთხოებისთვის. მე წლებია ვაკვირდები ამათ საქმიანობას და ვამბობს რომ ქირურგიაში გვყავს არაკვალიფიციური ექიმები. რა თქმა უნდა თერაპიაშიც არიან, მაგრამ არ ჩანან. პაციენტი უნდა იყოს უსაფრთხოდ!!! რა არი ამაში გაუგებარი?!
– რას მოუწოდებდით იმ სტუდენტებს, რომელბიც ახალ რეგულაციას აპროტესტებენ?
– ვისაც სურს გახდეს ექიმი, სწავლის დასრულების შემდეგ გაიარონ პრაქტიკა. ეს არის აუცილებელი. ჩვენი სტუდენტების უმეტესობა აქ ექთნებად მუშაობენ, უკვე პრაქტიკაც აქვთ და კლინიკებში სწავლობენ სამედიცინო ანაბანა და ცოდნა აქვთ.
მე მათ ვურჩევდი, უკვე მე-3 მე-4 კურსიდან აირჩიონ წავიდნენ კლინიკებში ექთნად იქნება, მსმენელად იქნება თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან აქვთ მათ ამის დრო და უკვე მე-6 კურსზე მიზანმიმართულად დაიწყონ რეზიდენციაზე ფიქრი და იმუშაონ. მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს ცივილური სამედიცინო მომსახურება და მათ შორის სისხლძარღვთა ქირურგია.
“აიპრესთან” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „2014 წლიდან, საქართველოში დიპლომის შემდგომი მზადება ახალი, შინაარსობრივად და ხანგრძლივობით (3-6 წელი) ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებული სარეზიდენტო პროგრამებით მიმდინარეობს. იქამდე, ძალაში დსთ-ის ქვეყნებში დასრულებული ორწლიანი დიპლომის შემდგომი მზადების – კლინიკური ორდინატურის ფორმატის აღიარება რჩებოდა, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე უპირობო დაშვების საფუძველს წარმოადგენდა და არ ითვალისწინებდა ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას.
აღნიშნული ფორმატის აღიარება, არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ რეზიდენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, წარმატებით ჩააბარონ დიპლომის შემდგომი გამოცდა, არჩეული სპეციალობით კვოტაში მოსახვედრად მიიღონ მაღალი შეფასება და საკონკურსო ეტაპის გადალახვის შემდეგ, გაიარონ 1-3 წლით უფრო ხანგრძლივი პროგრამები; ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობდა კლინიკური ორდინატორების მზადების პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა.
დარგობრივ ასოციაციებთან, ექსპერტებთან და სარეზიდენტო პროგრამების ავტორებთან ერთად განისაზღვრა რეზიდენტურისა და კლინიკური ორდინატურის შესაბამისობაში მოყვანის გეგმა.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ორდინატურადამთავრებულებისთვის ითვალისწინებს შეღავათიან პირობებს. დიპლომის შემდგომი გამოცდის ჩაბარების პირობად რჩება საგამოცდო ბარიერის გადალახვა (151 ქულა 200-დან). ასევე, გადამზადების კურსის ხანგრძლივობა, სპეციალობათა უმეტეს ნაწილში, არ ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის სრულად შევსებას; ამასთან, იგეგმება ინსტიტუციური რესურსის გამონახვა, არსებული კვოტების ფარგლებს გარეთ, მათი გადამზადებისათვის“.