მთავარი » ჯანდაცვა » დიდი დეპრესია – პარალელები აშშ-ს და საქართველოს შორის
მასების დეპრესია ხშირი მოვლენაა. მოიცავს როგორც ქვეყანას, ასევე ქვეყნებს და ზოგიერთ შემთხვევაში კონტინენტსაც კი.

დიდი დეპრესია – პარალელები აშშ-ს და საქართველოს შორის

დეპრესია – ფსიქიური დაავადებაა, რომლის დროსაც ნეგატიური აზროვნების გამო ითრგუნება პოზიტიური განწყობა, სუსტდება სიხარულის შეგრძნება, მატულობს პესიმიზმი, ფიქრები ძირითადად უარყოფითი ხასიათისაა.

მოტორული ( მოძრაობის ) ფუნქციაც ნელდება, სუბიექტს უქრება ფიზიკური აქტივობის სურვილი, მეტ დროს ატარებს მარტოობაში ( დღის განმავლობაში ძილი ), ეცემა თვითშეფასება.

– ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დეპრესია ახალგაზრდა დაავადებაა და ძირითადად მე-20 საუკუნიდან იკიდებს ფეხს, მაგრამ ეს ასე არაა – დეპრესიული მდგომარეობა ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ექიმებისთვის იყო ცნობილი. ჰიპოკრატე აღწერდა ,,მელანქოლიას’’ და მისი აღწერილობა სრულად ემთხვევა დეპრესიის დღევანდელ განსაზღვრებას.

– მასების დეპრესია ხშირი მოვლენაა. მოიცავს როგორც ქვეყანას, ასევე ქვეყნებს და ზოგიერთ შემთხვევაში კონტინენტსაც კი. მისი გამომწვევი შეიძლება ერთი ან რამდენიმე მიზეზი იყოს. მათ შორის – წაგებული ომები, ეკონომიკის ჩამოშლა, ეპიდემია, მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება მასაზე. როგორც წესი, დეპრესიული განწყობა მყისიერად, რაიმე ძლიერ გამომწვევის გამო ვრცელდება ხოლმე ( ასეთი იყო 1929 წლის ბირჟის ჩამოშლა აშშ-ში ).

– ადამიანთა მასას, როგორც წესი არ გააჩნია მყარი იმუნიტეტი დეპრესიის მიმართ. ბევრად იოლია ერთი ადამიანის, ან ადამიანთა მცირე ჯგუფის დახმარება, რომ იგი ( ისინი ) დაუბრუნდნენ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა მასა არ ეწინააღმდეგება დეპრესიას, იგი უამრავი ხერხით ცდილობს გადაფაროს ან იგნორირება გაუწიოს დამდგარ ფაქტს, რის გამოც სამწუხაროდ ვერ ხდება დაავადებისგან განკურნება.

– საინტერესო მაგალითია 1929 წელს დაწყებული ე.წ. დიდი დეპრესია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი გავლენის ქვეშ მოყვა არა მხოლოდ აშშ, არამედ კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე ევროპის ქვეყანა ( აშშ-ს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ). თავისი არსით ეს იყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი, თუმცა მისი სახელწოდება ( დიდი დეპრესია ) უფრო გამოხატავს იმ დროის განწყობას – საზოგადოება ჩაიძირა დეპრესიული გახევების მდგომარეობაში.

– აშშ-ს დიდი დეპრესიის დასაწყისად მიიჩნევენ 1929 წლის 29 ოქტომბერს, ე.წ. ,,შავ სამშაბათს’’, როცა საფონდო ბაზარი ერთ დღეში, ერთბაშად 10 მილიარდი დოლარით ( იმ დროისთვის კოლოსალური თანხა ) ჩამოიშალა. ამას მოყვა საბანკო კრიზისი – გაკოტრდა და დაიხურა უამრავი ბანკი. კრიზისის პირველ ოთხ წელიწადში წარმოება შემცირდა 46% – ით, ხოლო შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი უმუშევარი დარჩა. სუიციდის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა – 1920-28 წლებში 100 000 სულზე – 12.1 შემთხვევიდან 1929 წელს ყოველ 100 000 სულზე 18.1 შემთხვევა ( 1930-40 წლებში 100 000 სულზე 15.4 სუიციდის შემთხვევა). შედეგად – მშიერი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

– ამერიკის მაშინდელმა ხელისუფლებამ, თეოდორ რუზველტის ხელმძღვანელობით რადიკალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო – საკანონმდებლო დონეზე მოხდა სახელმწიფოს კონტროლის ჩართვა ეკონომიკის ყველა მიმართულებით ( ფინანსური და საბანკო სექტორი, წარმოება, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა ). სოციალური პროგრამა ითვალისწინებდა ყველაზე დასუსტებული ფენის დახმარებას და მათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ჩართვას ( გზების, არხების, ხიდების, ჰესების, ქარხნების მშენებლობა ). ამ პროგრამით მოხდა 4 მილიონამდე ადამიანის დასაქმება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დეპრესიის შემსუბუქებაში.

– რუზველტის მეთოდს კრიტიკა დაატყდა თავს – სახელმწიფოს ჩარევამ განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის სფეროებში შეამცირა თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები კორპორაციებს შორის. შემუშავდა ე.წ. სამართლიანი კონკურენციის 557 ძირითადი და 189 დამატებითი კოდექსი, რაც პირდაპირი ჩარევა იყო კაპიტალისტური ეკონომიკის სისტემაში. შედეგად, სოციალური დაცვა პრიორიტეტული გახდა. სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა, ხანდაზმულთა, შშმ პირების და უქონელთა მოვლა. ეს იყო სოციალიზმი კაპიტალიზმში. ფედერალური ხარჯები სოციალურ პროგრამებზე ორჯერ გაიზარდა.

– მოგვიანებით, 1937 წელს, თეოდორ რუზველტის მთავრობამ მკვეთრად შეამცირა ხსენებული ხარჯები, რის გამოც ქვეყანა ახალ, 1937-1938 წლების რეცესიაში ჩაიძირა.

– საბოლოოდ, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, დიდი დეპრესიის დასრულება დაიწყო მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისთანავე და მისი დამსახურებით – მკვეთრად გაიზარდა სამხედრო შეკვეთები. თუმცა, მიუხედავად გაზრდილი შემოსავლებისა, ქვეყანა კრიზისამდელ მაჩვენებლებს მხოლოდ 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა. დიახ, ამერიკული ბირჟის ინდექსის ,, Dow Jones’’ – ს მაჩვენებელმა პირველად 1954 წელს გადააჭარბა 1929 წლის მაჩვენებელს.

– დავუბრუნდეთ საქართველოს – შესაძლოა ქართული დიდი დეპრესია არ იყოს სათანადოდ გამოკვლეული, თუმცა ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და არ განიცდის ქვეყნის დღევანდელობის სიმძიმეს – რა თქმა უნდა გარკვეული მეტ-ნაკლებობით.

– ქართული დიდი დეპრესიის დასაწყისად ალბათ 90- ანი წლები უნდა ვივარაუდოთ. ტერიტორიების დაკარგვა, დევნილთა უზარმაზარი მასა, ეკონომიკის ჩამოშლა, კრიმინოგენული ვითარების გამწვავება, გლობალური ემიგრაცია, უმუშევრობის განუხრელი ზრდა, ინტელექტუალური რესურსის გადინება, განათლების ხარისხის დაცემა, იმპორტირებული და ქვეყნის შიგნით წარმოებული სურსათის კონტროლის შესუსტება და ა.შ. ამ და სხვა მიზეზებმა გამოიწვია ქვეყნის მოსახლეობის კოლექტიურ დეპრესიულ მდგომარეობაში ჩაყენება.

– თუ ვენდობით გამოკითხვებს, შრომისუნარიანი მოსახლეობის უმრავლესობა მზადაა დატოვოს ქვეყანა და გადასახლდეს უცხოეთში უკეთესი სამუშაო და სოციალური პირობების სანაცვლოდ.

– სწავლის დაბალი ხარისხის გამო, სულ უფრო მეტი ხარისხიანი ახალგაზრდა ცდილობს მიიღოს განათლება საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი ტენდენცია დადებით მოვლენად ჩაითვლებოდა, რომ არა ამ ახალგაზრდების უმრავლესობის არჩევანი – დარჩეს მასპინძელ ქვეყანაში სამუდამოდ.

– განსხვავებით აშშ-ს მაგალითისგან, საქართველოში საბანკო სისტემა არათუ ჩამოიშალა, არამედ აღმავლობას განიცდის, რაც ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებების პოლიტიკის დამსახურებაა – ნორმად იქცა კანონმდებლობის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჩამოყალიბება კომერციული ბანკების სასარგებლოდ.

– იცვლება და იხვეწება კანონები, თუმცა მათი ნაწილი, რომელიც რიგითი მოსახლეობის ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, უმოქმედო ან ნაკლებად ეფექტურია, რადგან არ ხდება მათი რეალურ ცხოვრებაში გატარების კონტროლი ( შრომის კანონი, კანონი ადგილობრივი პროდუქციის წარმოების შეღავათებზე, მთის კანონი და ა.შ.) – აშშ-ს შემთხვევაში, ძნელად თუ მოიძებნება პრეცედენტი, რომ მიღებული კანონი ( კოდექსი ) არ გატარდა. მეტიც – ოპონენტები ( უმეტესად ბანკირები და მსხვილი მეწარმეები ) სწორედ დიდი დეპრესიის პერიოდში მიღებული კანონების ( კოდექსების ) სიმკაცრეს უჩიოდნენ.

– თითქმის მთლიანად მოიშალა ადგილობრივი მძიმე და საშუალო მრეწველობა, ხოლო რაც მოქმედებს, უმეტესწილად უცხო ინვესტორების ხელშია და კაპიტალის გადინებას უწყობს ხელს.

– საკუთარი წარმოების არქონის პირობებში, ზედმეტია ქვეყნის თვითკმარობაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით წიაღისეულით ( მანგანუმი, ოქრო, დარიშხანი, მარმარილო, ქვანახშირი ) და ბუნებრივი რესურსებით ( ჰიდროენერგია, ხე-ტყე, თევზჭერა-მოშენება, სამონადირეო მეურნეობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ტურისტული პოტენციალი და ა.შ. ) მდიდარ ქვეყანას დიდი ხანია დაძლეული უნდა ჰქონდეს სიღარიბე, ხოლო სოციალური ფონი დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს, შედეგად გვაქვს სულ უფრო და უფრო დაღმავალი ეკონომიკა და სულ უფრო კლებადი ეკონომიკური ზრდის ინდექსი.

– მეტიც, თვით უმნიშვნელო რყევაც კი რომელიმე მეზობელი ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მყისიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ვალუტის კურსზე. ეს კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას ეროვნული ვალუტის და მთლიანად ეკონომიკის მიმართ.

– წლების განმავლობაში მოქმედი სესხების და კრედიტების გაცემის სისტემით, როცა მსესხებელს ბუნდოვნად განესაზღვრებოდა მოსალოდნელი რისკები, ხოლო ბანკები გასცემდნენ სარისკო კრედიტებს ( რა თქმა უნდა მყარი გარანტიების პირობებით ) და შედეგად ქვეყანა იღებდა გაკოტრებულ მეწარმეს, არც ერთი ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯი მოსახლეობის და მცირე მეწარმეთა დასაცავად.

– როგორ დავძლიოთ ,, დიდი ქართული დეპრესია’’ ? ფიქრი იმაზე, რომ პრობლემას გენერალური მიდგომა და საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა ჭირდება, რომ საჭიროა ერის კონსოლიდაცია, რომ, რომ, რომ… მსგავსი ზოგადი, ემოციური, ყოველგვარ პრაგმატიზმის მოკლებული და დაუგეგმავი ლოზუნგები არაერთხელ მოგვისმენია. ასეთი მოწოდებები თავისებური ნარკოტიკის როლს ასრულებს და მათ არაერთი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლიათ – იქმნება გარემო, სადაც ყველა მოლოდინშია, პასუხისმგებლობის განაწილება არ არსებობს ან არ მუშაობს.

-თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს თვითკმარი. რას ნიშნავს ეს? როცა მოქალაქე აცნობიერებს, რომ სახელმწიფო არ იცავს მას და არ ისმენს მის სიტყვას, ინდივიდუალური გადაწყვეტილება – შექმნა გარემო, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარე რყევებზე. – ე.წ. თვითკმარი გარემო.

– თვითკმარი გარემოს შექმნამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და მათ შესახებ მომდევნო წერილში ვისაუბრებთ.

newposts.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …