„თბილისში არ არის არც ერთი კლინიკა, სადაც სტანდარტი 100 პროცენტით დაკმაყოფილებულია” – ამის შესახებ „კომერსანტთან”ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული საუბრობს.
მისი განცხადებით, აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სხვადასხვა პროფილის დაწესებულებების სელექციური კონტრაქტირება იძლევა.
მისი განცხადებით, თბილისში დასრულდა დაწესებულებების მონიტორინგის ორი რაუნდი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კლინიკებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
კერძოდ,ინფექციების პრევენციებისა და კონტროლთან მიმართებაში ძალიან ბევრი ხარვეზი იქნა დაფიქსირებული. მისი განმარტებით, განსაკუთრებით ეს პატარა, 40 საწოლზე ნაკლებ კლინიკებს ეხება. თუმცა, მისივე მტკიცებით, ხარვეზები იყო დიდ კლინიკებშიც.
ბერძულის მტკიცებით, კლინიკებში არ იყო ინფრასტრუქტურული სტანდარტები, მაგალითად, მოსაწესრიგებელია წყალომომარაგება,სამედიცინო ნარჩენების მართვა და სამედიცინო პერსონალის ინფექციებიდან დაცვის სტანდარტები.
მონიტორინგის მეორე რაუდის მიხედვით,ძალიან ბევრ დაწესებულებებში მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა, რჩება გარკვეული მიმართულებები და ხარვეზები. მათ კი ამის გამოსწორებისთვის გარკვეული დრო მიეცათ.
„თითქმის ყველა კლინიკაში იყო დარღვევა დაფიქსირებული. არ იყო არცერთი კლინიკა, სადაც 100 პროცენტიანი დაკმაყოფილების სტანდარტი არსებობდა. შესაბამისად, ყველას მიეცა გარკვეული რეკომენდაციები”-აცხადებს ბერძული.
მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში დაიწყება მესამე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც თბილისში არსებული ყველა კლინიკის თავიდან შემოწმება მოხდება, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ რომელი კლინიკა დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რომელი გამოეთიშება.
„ჩვენი თვითმიზანი კლინიკების ჩახსნა არ არის, ჩვენი მიზანია გამოსწორდეს ხარვეზები”-აცხადებს ბერძული.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით შეფასდა თითქმის ყველა დაწესებულება,განსაკუთრებული აქცენტი ინტენსიურ (გადაუდებელი დახმარების) განყოფილებებზე გაკეთდა.
ბერძული აცხადებს, რომ ამ დროისთვის იგივე პროცესი რეგიონებში, კერძოდ კი აჭარასა და იმერეთში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება სამშობიარო სახლებიდან დაიწყო.
1-ლი მარტიდან სამშობიარო სახლებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. სელექტიური კონტრაქტირება ხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც – წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა; პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.
მიმდინარე წლის მარტში ასევე სამინისტროში აცხადებდნენ, რომ უახლოეს პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც დაიწყებოდა.