ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის (ტფდეც) შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა.
ახალი განყოფილება 21 საწოლზეა გათვლილი და ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული . საზეიმო გახსნის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.
ასევე სამინისტროს მხარდაჭერით უკვე დასრულდა ტუბერკულოზის ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა.ამჟამად მიმდინარეობს მისი ტექნიკური აღჭურვა.
ლაბორატორია მიეკუთვნება ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს. ყოველწლიურად, 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ამ დღის აღსანიშნავად ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში გაიმართა მწვანე აქცია, ბენეფიციარებმა ცენტრის ეზოში ხეები დარგეს. 2016 წლამდე, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეიტინგის თანახმად მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე 27 ქვეყანას შორის იმყოფებოდა. 2016 წლის იანვრიდან საქართველო ამოღებულ იქნა ჯანმოს მიერ გამოცემული მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყანათა სიიდან.
- ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის თანახმად, საქართველოში, 2016 წელს ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3 311 შემთხვევა (პენიტენციური სექტორის ჩათვლით) დარეგისტრირდა, რაც შეადგენს 90 შემთხვევას ყოველ 100 000 საქართველოს მოსახლეზე;
- ბოლო 4 წლის განმავლობაში აღინიშნება ტუბერკულოზის შემთხვევების აბსოლუტური რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია;
- 2012 – 2016 წლებში ტუბერკულოზის შეტყობინების მთლიანი მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა.
ამჟამად საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტუბერკულოზისა და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მართვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს.