ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქცია გრძელდება. ამჯერად გასინჯვები ველისციხისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს ჩაუტარდათ.
ამბულატორიაში სამედიცინო შემოწმების პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს კონსულტაცია ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა გაუწია. გასინჯვების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. დანიშნულების მიცემის შემდეგ კი მათ შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქცია პერმანენტული ხასიათისაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.