აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯანდაცვის უწყებას დღეიდან ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახლად არჩეული მინისტრი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ზაალ მიქელაძე მინისტრად ხმების უმრავლესობით აირჩიეს.
ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმი-პედიატრია და სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. ბოლო წლებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო კოორდინატორი. ასევე, ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა.
,,ბატონი ზაალი ბოლო წლებია რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის აჭარის კოორდინატორი გახლდათ. მას ჰქონდა უშუალო შეხება მოსახლეობასთან, სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხალხთან. პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. იგი გახლავთ ძალიან მზრუნველი, გულისხმიერი ადამიანი.
ვფიქრობ, ეს თვისებები პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად მას დაეხმარება წარმატებით გაუძღვეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ეფექტურად განახორციელოს ჯანდაცვის სფეროში ბევრი სასარგებლო და საჭირო პროგრამა“, -აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა მინისტრის წარდგენისას.
interpressnews.ge