გახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი დახმარების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით 4 საოჯახო დახმარების ცენტრი 24-საათიან რეჟიმში ვირუსულ ინფექციებზე მოახდენს დროულ რეაგირებას. მისივე თქმით, პირველადი დახმარებით სარგებლობა უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
”დღეისთვის 500-ზე მეტი რეაგრების გარეშე დარჩენილი ზარია დაფიქსირებული, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ინტენსიურად რეკავს. ამიტომ ჩვენ ავამუშავეთ იგივე პროტოკოლი, რაც იანვარ-თებერვალში გვქონდა.
პროტოკოლი გულისხმობს, რომ დაზარალებულთა დახარისხება მოხდება 112-ში იმ ზარებზეც, რომელზეც უნდა მოხდეს დროული რეაგირება, შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანა იქნება, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გავიდნენ ამ ტრიაჟის პროტოკოლიდან გამომდინარე ყველაზე ურგენტულ შემთხვევებში. დანარჩენი ზარები გადანაწილდება იმ საოჯახო ცენტრებში, რომლებიც დაიწყებენ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას”, – განაცხადა ნინო ბერძულმა.
ვირუსულ ინფექციებზე მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება საოჯახო მედიცინის ცენტრი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ხოლო გლდანი-ნაძალადევის, ისან-სამგორისა და საბურთალოს რაიონებში – „მედკაპიტალი“.