შანხაი (ჩინეთი) 21-24 ნოემბერს მასპინძლობს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მე-9 გლობალურ კონფერენციას.
კონფერენცია მიმდინარეობს ეგიდით:
„ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა: ჯანმრთელობა ყველასათვის და ყველაფერი ჯანმრთელობისათვის“
“Promoting health in the Sustainable Development Goals: Health for all and all for health”
კონფერენციის მიზანია ხაზი გაუსვას, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობა უმთავრესია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
კონფერენციის ძირითადი თემებია: კარგი მმართველობა, ჯანსაღი ქალაქები, ჯანმრთელობის საკითხების შესახებ განათლება და ჯანსაღი ჩინეთი.
კონფერენციაზე მიიღებენ „შანხაის დეკლარაციას“, რომელიც განსაზღვრავს მიმართულებებს შემდგომი 15 წლის განმავლობაში.
კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები; ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროების უმაღლესი წარმომადგენლები, ქალაქის მერები, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ექსპერტები; ქვეყნების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო ბერძული ხელმძღვანელობს. კონფერენციას, როგორც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ესწრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტყრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა.