მთავარი » ჯანდაცვა » ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იშვიათი დაავადებაა, რომელიც საკმაოდ გაახალგაზრდავდა და მისი დიდი წილი, უკვე 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე მოდის.

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იშვიათი დაავადებაა, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გაახალგაზრდავდა და მისი დიდი წილი, უკვე 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე მოდის. თუმცა, დაავადება საკმაოდ ხშირად გვხვდება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც, განსაკუთრებით – ქალებში.

რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს, რომელია მისი ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ფორმები და როგორია ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველაზე ფექტური მეთოდები?! „რუბრიკას“ სამედიცინო ცენტრ „ნეოკლინიკის“  ექიმი-ენდოკრინოლოგი ირმა რუხაძე ესაუბრება:

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ფორმები

არჩევენ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალდიფერენცირებულ და არადიფერენცირებულ ფორმებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის პაპილარული ფორმაა (მასზე შემთხვევათა, დაახლოებით, 55-60% მოდის), მეორე ადგილზეა (გავრცელების მიხედვით) ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ფოლიკულური ფორმა (20-25%), ხოლო დანარჩენი 10-20 % დაავადების მედულარულ და აპლასტიურ ფორმებზე მოდის.

ზემოთ ჩამოთვლილ ფორმებს შორის ყველაზე ნაკლებად აგრესიული პაპილარული ფორმაა (თუ მას საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა),  ყველაზე  აგრესიულს კი   მედულარული ფორმა წარმოადგენს (იგი ძალიან სწრაფად მეტასტაზირდება სხვა ორგანოებში). მეტასტაზები რეგიონალურ ლიმფურ ჯირკვლებში(კისრის წინა-გვერდითი ნაწილების, ლავწზედა და ლავიწქვეშა, შუასაყარის წინა-ზედა ნაწილების) ან/ და შორეულ ორგანოებში (ფილტვებში, ძვლებში, ღვიძლში, თირკმელები და ა.შ.) ვრცელდება.

გამომწვევი მიზეზები

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების გამომწვევი მიზეზებია:
ადრეულ ასაკში (დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მიზნით) თავის, კისრის და შუასაყრის მიდამოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა ან სხივური თერაპია;
რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება
(განსაკუთრებით, რადიაციული პოლიგონების, ატომური ელექტროსადგურების და ა.შ. სიახლოვეს);
გენეტიკური წინასწარგანწყობა;
სქესი
(ქალებში დაავადება 3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში);
ასაკი (20 წლამდე და 60 წელს ზემოთ);
ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი კვანძოვანი დაავადება და ა.შ.

სიმპტომები

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები, უმრავლეს შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს (როგორც წესი, ავადმყოფს ამ დაავადებას ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე რუტინული კვლევისას აღმოუჩენენ ხოლმე).

დიაგნოსტიკა

წლების წინ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სადიაგნოსტიკოდ პალპაციას მიმართავდნენ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ პალპაციით  მხოლოდ 1 სმ-ზე მეტი ზომის და ისიც ზედაპირულად მდებარე კვანძის გასინჯვაა შესაძლებელი (კვანძების უმრავლესობა მცირე ზომისაა და ღრმად მდებარეობს), გამოკვლევის ეს მეთოდი არაეფექტურია და აღარ გამოიყენება.
დღეს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებისთვის მიზანშეწონილია:

  • სწორად შეკრებილი ანამნეზი (ხომ არ აღინიშნება ანამნეზში დაავადების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა, ან პაციენტს ხომ არ უტარდებოდა ბავშვობის ასაკში ხშირი რენტგენოლოგიური გამოკვლევები, სხივური თერაპია და ა.შ.)
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია), რომელიც საუკეთესო საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად;
  • ბიოფსია (ციტოლოგიური კვლევა), რომელიც მიკრომორფოლოგიური კვლევის საფუძველზე, სიმსივნური კვანძების ავთვისებიანობას განსაზღვრავს. (ბიოფსიის ჩატარება აუცილებელია მცირე ზომის კვანძის აღმოჩენის შემთხვევაშიც, რადგან ადრე ფიქრობდნენ, რომ 1 სმ-ზე მცირე ზომის კვანძი საშიშროებას არ წარმოადგენდა და ბიოფსიის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგით მთავრდებოდა);
  • ტოტალური ბიოფსია – იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერითი გამოკვლევით ფარისებრ ჯირკვალში მრავალობითი კვანძების არსებობა დაფიქსირდა;

გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად, საჭიროა რამდენიმე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება, ესენია:

  • თირეოტროპული ჰორმონი -TSH  
  • თავისუფალი თიროქსინი – FT4 
  • თავისუფალი ტრიიოდთირონინი – FT3 

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად აუცილებელია ე.წ. სიმსივნური ტესტების -კალციტონინისა და თირეოგლობულინის ჩატარება.  სამწუხაროა, რომ დიაგნოსტიკის ამ მეთოდს ექიმები სულ უფრო იშვიათად მიმართავენ, არადა აღნიშნული ტესტები, გარდა იმისა, რომ სიმსივნეს საწყის ეტაპზე აღმოაჩენს, რამდენიმე წლით ადრე იძლევა სიგნალს დაავადების შესაძლო განვითარებაზე.

მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქირურგიული ოპერაცია, რაც ფარისებრი ჯირკვლის სუბტოტალურ ან ტოტალურ რეზექციას ითვალისწინებს. ფარისებრი ჯირკვლის სუბტოტალური რეზექციისას დიდი რისკია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელ წილში რეციდივის განვითარებისა, ამიტომ ექიმები უპირატესობას ტოტალურ რეზექციას ანიჭებენ.

ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მიზანშეწონილია რადიოაქტიური იოდით მკურნალობა,რომელიც ავლენს და ანადგურებს რეგიონალურ ან/და შორეულ ორგანოებში გავრცელებულ სიმსივნურ უჯრედებს და ფაქტიურად, მკურნალობის ბოლო ეტაპს წარმოადგენს. თუმცა, რადიოაქტიურლი იოდით მკურნალობას აქვს ძალიან ბევრი უკუჩვენება (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებულია სუბტოტალური რეზექცია) და დაავადების რეციდივის რისკსაც ამაღლებს.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ქირურგიული ოპერაციის და რადიოქტიული იოდით მკურნალობის ჩატარების შემდეგ, საჭიროა ავადმყოფზე ხანგრძლივი დაკვირვება. ამისთვის პაციენტს უნდა ჩაუტარდეს:

სიმსივნური ტესტები (6 თვეში ერთჯერ);

პოზიტრონემისიური ტომოგრაფია PET/ CT  (სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, რომელიც შინაგანი ორგანოების ფუნქციური აქტივობისა და დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება).

რადიკალური მკურნალობის შემდეგ, საჭიროა ვიზრუნოთ ორგანიზმში არსებული ჰორმონალური დისბალანსის შევსებაზე. სწორედ ამ მიზნით, პაციენტს მთელი ცხოვრების მანძილზე ენიშნება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (აუცილებლად, სუპრესიული დოზით). რადიკალური მკურნალობის შედეგად, ასევე ირღვევა პარათირეოდული ჯირკვლების ფუნქცია და ამის გამო, პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღოს კალციუმის პრეპარატები. 

rubrica.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …