დღეს საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების მეორე საერთაშორისო კონგრესი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება დარგის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა და ამაში კონგრესის როლი გამოჰყო.
„მეორე საერთაშორისო კონგრესი ანესთეზიოლოგიასა და კრიტიკულ მედიცინაში, რომელიც დღეს იმართება, კლინიკური მედიცინის განვითარების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოში. მას აქვს წამყვანი მნიშვნელობა ისეთი დარგის, როგორიც არის ანესთეზია-კრიტიკული მედიცინა.ვფიქრობ, რომ ეს ორი დღე ძალიან ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ამ დარგების განვითარებაზე,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
საერთაშორისო კონგრესს ევროპის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან დარგის სპეციალისტები ესწრებიან. სიმპოზიუმის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთმანეთს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების მეორე საერთაშორისო კონგრესი ხვალ დაიხურება. პირველად კონგრესი საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების ორგანიზებით, 2013 წელს გაიმართა.