მთავარი » ჯანდაცვა » ექიმთა შეცდომების გამო 2 წელიწადში 62 მშობიარე და ჩვილი დაიღუპა
ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმი საგანგაშო მასშტაბებს იძენს - ექიმთა შეცდომების გამო 2 წელიწადში 62 მშობიარე და ჩვილი დაიღუპა.

ექიმთა შეცდომების გამო 2 წელიწადში 62 მშობიარე და ჩვილი დაიღუპა

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისინი გარკვეული დროის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის შესრულებას მაინც აგრძელებენ.

ამ საკითხით „კომერსანტი” რამდენიმე წელია დაინტერესებულია. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის არცერთ ფაქტს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და საბჭო მაქსიმუმ ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერებით ან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმების დაწესებით შემოიფარგლა.

მაგალითად, ორი ექიმისადმი სანქციების დაწესებით შემოიფარგლა ჯანდაცვის სამინისტრო 2014 წლის ივლისში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარის გარდაცვალების გახმაურებული ფაქტის გამოძიების შედეგად. კერძოდ, სამშობიარო სახლის ოთხ ექიმს დროებით ლიცენზია შეუჩერდა, სამს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსს” მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრა შუახევის კლინიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ. აღნიშნულ კლინიკაში პაციენტი იმის გამო გარდაიცვალა, რომ ადგილზე სამედიცინო პერსონალი არ დახვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მაშინ აღიარა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცალსახად გამოიკვეთა დარღვევები სამედიცინო დაწესებულების მხრიდან. 

„კომერსანტთან” საუბარში პროფესიული განვითარების საბჭოს რამდენიმე წევრმა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ სააგენტოს წევრები უფთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ.

საბჭოს წევრები „კომერსანტთან” კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ამბობენ, რომ მათ მიერ განხილული შემთხვევების 80%-ში ექიმების ბრალეულობა დასტურდება, თუმცა „პროფესიული სოლიდარობის” გამო ასეთი ექიმები ფაქტობრივად დაუსჯელები რჩებიან და რამდენიმე თვეში უპრობლემოდ აგრძელებენ პაციენტების მკურნალობას.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ პრობლემები ღიად ფიქსირდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ დაწესებულებაში.

კლინიკის პრობლემების გამოხატულება იყო, 2015 წლის შემოდგომაზე, ექიმების გაფიცვა ხელფასების მოთხოვნით.

მაშინ „კომერსანტი” იაშვილის კლინიკის რამდენიმე ექიმს ესაუბრა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის დასახელებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ისეთ პირობებში, როგორიც კლინიკაშია შექმნილი, პაციენტებისთვის თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევა შეუძლებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 წლებში მშობიარობისას დედისა და ჩვილის გარდაცვალების შემთხვევების შესწავლისას დადგინდა, რომ 62 შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი მკურნალობისას დაშვებული შეცდომა, ან ექიმების მხრიდან არასათანადო ყურადღება იყო. – ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი” წერს. 

გაზეთის ცნობით, ამ განხილვების შედეგად, ამავე პერიოდში დასმული იქნა 174 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც 77 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, ხოლო 97 ექიმს “წერილობითი გაფრთხილება” მიეცა. 38 ექიმს კი დაევალა შესაბამის სპეციალობაში პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. ამ ეტაპზე განსახილველია კიდევ 44 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითი.

რაც შეეხება ორსულის გარდაცვალების კონკრეტულ ფაქტს, გონიოში მცხოვრები 31 წლის მინდია ზოიძე აღნიშნავს, რომ მისი 27 წლის მეუღლე შორენა დევაძე და მისი მუცლად მყოფი შვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა და იმ ტრაგედიის შესახებ საუბრობს, რაც მის ოჯახს შეემთხვა. როგორც იგი აღნიშნავს, ის ექიმი, ვინც მისი მეუღლე ამშობიარა, ამჟამადაც განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას.

“როდესაც ტკივილები დაეწყო, ბავშვის მოძრაობა ჩემი ხელით ვნახე. მეუღლე ამ დროს 8 თვის ორსული იყო და ჩავთვალე, რომ ნაადრევი მშობიარობა ეწყებოდა. მაშინვე გადავიყვანე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

“იქ ჩემს ცოლს სამი ექო გადაუღეს მშობიარობამდე და ამის შემდეგ მითხრეს, რომ ბავშვი ცოცხალი აღარ იყო. ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე იგი 8 საათი აწვალეს, მაშინ როდესაც შეეძლოთ, საკეისრო გაეკეთებინათ მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ აიღეს.

“ბავშვი მკვდარი დაიბადა. მშობიარობა ღამის 2 საათზე დაეწყო და დილით 8-ზე მითხრეს მისი გარდაცვალების შესახებ. სინამდვილეში კი ის 3-4 საათზე უკვე გარდაცვლილი იყო და ეს ამბავი დაგვიმალეს, ჩვენ მასთან არ გვიშვებდნენ. მე კი სამშობიარო მაგიდაზევე შევატყვე, რომ ვეღარ გადარჩებოდა.”- აღნიშნა ზოიძემ.

როგორც დაზარალებული განმარტავს, პროკურატურა მის საქმეს არ იძიებს.

მსგავსი შემთხვევები ერთეული არ არის. ამ სიტუაციაში დამნაშავის გამოვლენა ჟურნალისტის ვალდებულებას არ წარმოადგენს, თუმცა თავად ფაქტი, რომ მშობიარობა გარდაცვალებით დასრულდა და ამ შემთხვევას არც ჯანდაცვის სამინისტრომ და არც სამართალდამცავმა უწყებებმა  შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს  საგანგაშოა.

ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი ტრაგიკული შემთხვევები რეზონანსული გახდებოდა.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოში განმარტავენ, რომ საბჭოს ფორმატში გარდაცვალების შემთხვევების განხილვა არ არის კონკრეტული პიროვნების ან დაწესებულების დასჯისკენ მიმართული.

” ჩვენ ამ პრობლემების გამოსწორებაზე ვმუშაობთ და არა კონკრეტული პირების დასჯაზე. გამოსწორებაში სპეციალური რეკომენდაციები იგულისხმება, რომ შემდგომ სხვა ექიმებმა და დაწესებულებებმა იგივე შეცდომები არ გაიმეორონ. რაც შეეხება ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს, აღნიშნული პროფესიული განვითარების საბჭოს კომპეტენციაა”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს წევრმა მარინა ბაიდაურმა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …