მთავარი » ჯანდაცვა » ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებში
ბავშვებში ჭარბი წონის და სიმსუქნის საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მომზადდეს შესაბამისი სპეციფიკური ინტერვენციები.

ჭარბი წონის პრობლემა ბავშვებში

საქართველოში ჭარბი წონა და სიმსუქნე 5 წლამდე ასაკის ბავშვების, ბოლო, 2009 წლის მონაცემით, 19.9%-ს აღენიშნება. მეცნიერთა აზრით, მსოფლიოში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ბავშვებში ჭარბი წონის შემთხვევები გასამმაგდა.

როგორც ამერიკაში ჩაატრებულმა კვლევებმა აჩვენა, 10 წლის მსუქანი ამერიკელი ბავშვის სისხლძარღვები არ განსხვავდება მათი 45 წლის მშობლების სისხლძარღვებისაგან.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში (“იუნისეფი”) “რეზონანსს” განუცხადეს, 2016 წლის მონაცემები ჯერ არ აქვთ, თუმცა სამომავლოდ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ამ კვლევის ჩატარებას გეგმავს.

“დავიწყეთ ზედამხედველობის სისტემის შექმნა, რომ ეს ინფორმაცია რუტინულად მოდიოდეს. ჯერჯერობით შექმნის სტადიაზეა და ეს სისტემა თავისთავად არ ამუშავებულა. უახლესი მონაცემი ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ამ კვლევის ჩატარებას აპირებს, რომელშიც უკვე ჭარბწონიანობა არა მხოლოდ 5 წლამდე ასაკის, არამედ სასკოლო ასაკშიც შეისწავლება. “იუნისეფს” არ აქვს ამ წუთში იმის თანხა, რომ ახლავე ასეთ ფართომასშტაბიან კვლევაზე წავიდეს,” – უთხრეს “რეზონანსს” გაერო-ს ბავშვთა ფონდში.

“ბოლო მონაცემი ბავშვთა ჭარბწონიანობის შესახებ 2009 წლისაა. თუ ახალ მონაცემზე მუშაობას წელს დავიწყებთ, 2017 წლისთვის მზად გვექნება,” – განუცხადეს “რეზონანსს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში.

“მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის მომზადდეს შესაბამისი სპეციფიკური ინტერვენციები. ამგვარი კვლევა უნდა აღწერდეს ჩვილებისა და ბავშვების კვების, განსაკუთრებით კი ადრეულ ასაკში კვების პრაქტიკის ცვლილებას.

“იმის გამო, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე ქცევის კომპლექსურ კომბინაციაზეა დამოკიდებული, მისი გამოკვლევა ძალიან სპეციფიკურ ექსპერტიზასა და კვლევის ხანგრძლივ პროცესს საჭიროებს,” – ნათქვამია საქართველოს 2009 წლის ეროვნული ნუტრიციული კვლევის ანგარიშში.

ენდოკრინოლოგები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მშობელთა გათვითცნობიერება ოჯახში საკვების რაციონის ამორჩევასა და სახლის პირობებში საკვების მომზადებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული ბავშვთა წონაში მატების რისკი.

ბავშვთა ენდოკრინოლოგ მარიამ ბალახაძის აზრით, ბავშვებთან კატეგორიული ვერ იქნები და სასურველ საკვებს ვერ შეუზღუდავ.

 “არასწორი კვება, არაჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტები, ნაკლები ენერგიის ხარჯვა – ეს ის ფაქტორებია, რაც ბავშვთა ჭარბწონიანობაზე გავლენას ახდენს. ისინი ძირითად დროს კომპიუტერთან და ტელევიზორთან ატარებენ, არ გადიან გარეთ, სპორტზე არ დადიან და არ თამაშობენ.

“ბავშვებთან კატეგორიული ვერ იქნები და რაციონიდან გარკვეული სახის საკვებს საერთოდ ვერ ამოიღებ იმიტომ, რომ აქ ფსიქოლოგიური მომენტი უფროა წინ წამოწეული.

“სტანდარტი იმისა, თუ რა ასაკში რა წონის უნდა იყოს ბავშვი, არ არსებობს. ბევრი ფაქტორი და პარამეტრია გასათვალისწინებელი, მაგალითად სიმაღლე. ნახშირწყლების მთლიანად ამოღება არ ხდება, რადგან ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაგალითად, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლები ამოდის რაციონიდან და ნაცვლდება სხვა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნახშირწყლებით. სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია,” – აღნიშნა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა.

ენდოკრინოლოგი ლიკა კაჭარავა ამბობს, რომ ბავშვთა სიმსუქნემ ბოლო ათი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ექიმის აზრით, ზოგადად ორი სახის სიმსუქნე არსებობს. ენდოკრინოლოგმა მშობლებს რჩევებიც მისცა.

“სიმსუქნემ ბოლო პერიოდში იმატა. რიცხობრივად ახლა გაცილებით მეტი ბავშვია ჭარბწონიანი, ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი კვების შედეგია.

“წონა ინდივიდუალურია და ის ბავშვის სიმაღლეს შეესაბამება. ბავშვები, სამწუხაროდ, უფრო მეტად ეტანებიან ტკბილეულს, ეს ისევე ადვილად მისაწვდომია როგორიც სწრაფი კვების ობიექტების საკვები.

“არსებობს ორი სახის სიმსუქნე – ერთი, რომელიც არასწორ კვებასთანაა დაკავშირებული და მეორე, როდესაც სიმსუქნე რაიმე დაავადების სიმპტომია.

“დაავადების სიმპტომის დროს ენდოკრინოლოგებმა ჯერ ის დაავადებები უნდა გამოვრიცხოთ, რომლებმაც შესაძლოა, სიმსუქნე გამოიწვიოს – მაგალითად, ფარისებრი და თირკმელსზედა ჯირკვლების პათოლოგია.

“ბავშვმა შესაძლოა ყველაფერი გასინჯოს, მაგრამ ყოველდღიურობაში დიდი რაოდენობით ნახშირწყლის მიღება, ვფიქრობ, არასწორია.

“მშობლებს ვეტყოდი, რომ სასურველია, ბავშვმა ფიზიკურად იაქტიუროს, დაწყებული ველოსიპედიდან, დამთავრებული ცურვით – ყველაფერი სასარგებლოა. საკვები საათობრივად უკონტროლეთ.

“აუცილებელია რეჟიმის დაცვა – ხუთიდან ზევით წლამდე ბავშვმა სამ საათ-ნახევრიანი შუალედით მცირე ულუფებით უნდა იკვებოს. ბოლო კვება კი დაძინებამდე სამისაათით ადრე უნდა მოხდეს,” – აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.

“რეზონანსი” ჭარბწონიანი ბავშვების მშობლებსაც გაესაუბრა.

“ჩემი შვილი 8 წლის გოგოა და არის 45 კილო. მაღალია და ძალიან არ ეტყობა. დიდ პრობლემას დღეს ვერ ვხედავ, თუმცა როდესაც გაიზრდება, მეშინია, რომ ძალიან ჭარბწონიანი იქნება. წონის პრობლემა ბოლო 2-3 წელია, რაც აქვს. ეჭვი მაქვს, რომ მისი წონაში მატება ბებიის ბრალია, რადგან პატარობისას ჭამას აძალებდა ხოლმე. სწრაფი კვების ობიექტებში არ დაგვყავს და ვცდილობთ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი მიიღოს.

“ექიმთან გვყავდა და ანალიზებიც გავუკეთეთ. არანაირი ენდოკრინული დარღვევა არ დაფიქსირებულა,” – განუცხადა “რეზონანსს” გიორგი იაშვილმა (სახელი და გვარი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია.)

“მე 9 წლის გოგო მყავს, რომელიც უკვე 48 კილოა 6-სთ-ის შემდეგ არ ვაჭმევ. სიარულის დროს მალე იღლება. ფიზიკური აქტივობისთვის ცეკვაზე მივიყვანეთ. როდესაც დეიდასთან მიდის, წონაში მაშინვე იმატებს, ვფიქრობ ის ჭამას აძალებს.

“აღარ ვიცი, როგორ ვუშველო. მეშინია იმის, რომ სიმსუქნისკენ მიდრეკილი დარჩება. გენეტიკურად ოჯახში ჭარბი წონისკენ მიდრეკილი არავინ გვყავს,” – ამბობს ლელა არაბული.

resonancedaily.com

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …