ელექტრონული სწავლების პლატფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის – პროექტის პრეზენტაცია დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.
ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის – BMJ-ის საგანმანათლებლო ინიციატივა 3 წლიანი პროექტია. BMJ პორტალი სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს მოიცავს. პროექტი ბრიტანული ჟურნალის საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მისი მეშვეობით, კლინიცისტს ცოდნის დონის შემოწმება პრე-ტესტითა და პოსტ-ტესტითაც შეუძლია.
პროექტის ფინანსურ მხარდამჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს. აღნიშნული პლატფორმის დანერგვა საქართველოში უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და პროფესიული მზადების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.