მთავარი » ჯანდაცვა » „საქართველოს ბანკის“ ჰოსპიტალურ პროექტს ჩავარდნა ემუქრება
„საქართველოს ბანკის“ ჰოსპიტალურ პროექტს ჩავარდნა ემუქრება

„საქართველოს ბანკის“ ჰოსპიტალურ პროექტს ჩავარდნა ემუქრება

„საქართველოს ბანკის“ ჰოსპიტალურ პროექტს ჩავარდნა ემუქრება.”სამედიცინო კორპორაცია ევექსმა ვერ უზრუნველყო იმ პაციენტის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რომელიც კორპორაციის კლინიკაში გარდაიცვალა.

– ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი შეფასება შუახევში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. საქმის ბოლომდე შესწავლამდე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ვერ პასუხობენ შეკითხვას – გადარჩებოდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი, „ევექსის“ კლინიკაში სათანადო მომსახურება რომ მიეღო. თუმცა უკვე დადასტურებულად ამბობენ, რომ დაჭრილ პაციენტს კლინიკაში არც ქირურგი და არც რეანიმობილი არ დახვდა.

ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 3 მაისს „კორპორაცია ევექსის“ მართველობაში მყოფ შუახევის საავადმყოფოში არც ქირურგი და არც ანესთეზიოლოგი არ იმყოფებოდნენ. მორიგი ექიმის ფუნქციას კი პედიატრი ასრულებდა.

სააგენტოს წარმომადგენლის ნინო ხუციშვილის ინფორმაციით, პაციენტი შეყვანიდან ერთ საათში ისე გარდაიცვალა, რომ ამ ხნის განმავლობაში მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ვერ მოხერხდა.

„დაწესებულების მხრიდან ვერ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სერვისები,“ – აღნიშნა ხუციშვილმა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. დავით სერგეენკოს თქმით, პირველ ეტაპზე კლინიკის მიმართ ფინანსური სანქციები დაწესდება.

„არ შესრულდა სანებართვო პირობებით გათვალისწინებული რიგი მორთხოვნებისა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა ქირურგიული და სამეანო–გინეკოლოგიური პროფილის პაციენტების მოვლა.

რაც შეეხება იმას, რამდენად გამოიწვია ამან მიზეზშედეგობრივად ამ ადამიანის გარდაცვალება, ჩვენ პარასკევს გვექნება პროფესიოული განვითარების საბჭო, სადაც უკვე დარგის ექსპერტები იმსჯელებენ ამაზე. არსებული კანომდებლობა და რეგულაციები ამ სანქციებს ითვალისწინებს და ამ სანქციების ათვლა უკვე დაიწყო და პირველი ნაბიჯი ეს არის ფინანსური ჯარიმა, თუ ამ შემთხვევაშიც არ გამოსწორდა, უკვე მართვის უფლების ჩამორთმევა,“ – განმარტა სერგეენკომ.

მისი თქმით, სამინისტროს ფორმატში წინასწარი მოკვლევით გამოიკვეთა, რომ კლინიკაში არ იყო დაცული რამდენიმე მნიშვნელოვანი სანებართვო და ვალდებულებითი პირობა.

„მე ჯერ ვერ ვიტყვი, რომ პაციენტის გარდაცვალებასთან ეს კავშირშია, მაგრამ ამან მკვეთრად გაზარდა რისკი და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის ხარისხი შეამცირა…

აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი გამოკვეთილი. მაგალითად, კლინიკის მართვის კომპანიას ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ გადაუდებელი მდგომარეობის დროს მათვე უზრუნველეყოთ პაციენტების გადაყვანა უფრო მაღალი დონის კლინიკაში. ეს არ განხორციელდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლის კახა ღიბრაძის განცხადებით, რომელიც შუახევში იმყოფება, საბოლოო დასკვნა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე დაიდება. ამის შემდეგ აღნიშნული საქმე განიხილება პროფესიული განვითარების საბჭოზე, ღიბრაძე ვერ აკონკრეტებს, როდისთვის მოხერხდება ამის გაკეთება.

ღიბრაძის განმარტებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, გამოიწვია თუ არა პაციენტის გარდაცვალება კლინიკაში აღმოჩენილმა დარღვევებმა.

თუმცა ასახელებს იმ დარღვევებს, რომლებიც უკვე დადასრტურდა – ადგილზე არ იყო ქირურგი და ანესთეზიოლოგი და ამ სანებართვო პირობების დარღვევის გამო შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. ის განიხილა შუახევის მოსამართლემ და ევექსს ფინანსური ჯარიმა დააკისრა.

„ევექსში“ ამ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელებენ, რაც ზუსტად დადგინდება, უკავშირდება თუ არა ახალგაზრდის გარდაცვალება ამ საკითხს.

სამ მაისს, ევექსის შუახევის კლინიკაში  კლინიკაში გარდაიცვალა 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა და მხოლოდ იმის გამო დაიღუპა, რომ არც ექიმი და არც რეანიმობილი არ დახვდა.

გარდაცვლილის ახლობლები შუახევის საავადმყოფოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივი თეიმურაზ დავითაძე აცხადებს, მუცლის არეში დაჭრილი დავითაძე მეგობრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ქირურგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დაჭრილი სისხლისგან დაიცალა.

“საათნახევრის განმავლობაში ქირურგი არ გამოჩენილა. ბავშვი სისხლიდან დაიცალა და დაიღუპა. თუ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა საავადმყოფოების დახურვა ფინანსური კრიზისების გამო, შეუძლია დახუროს თბილისში, სადაც საავადმყოფოები ყველა ფეხის ნაბიჯზეა. შუახევში თითოეული სოფელი დაშორებულია ცენტრთან და აქ საავადმყოფოს დახურვა არის ტრაგედია”, – აღნიშნა თეიმურაზ დავითაძემ.

შუახევში კორპორაცია “ევექსმა” 27 აპრილს საავადმყოფოს სტაციონალური მომსახურება გააუქმა. კლინიკა მხოლოდ ამბულატორიული პრინციპითა და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.

ბოლო პერიოდში კლინიკებში პაციენტის, მათ შორის მშობიარეების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა მოხდა.

2014 წლის ივლისში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე გარდაიცვალა, რომლის ახლობლებიც მომხდარში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებდნენ. როგორც „კომერსანტმა“ სამედიცინო მომსახურების რეგულირების სააგენტოში გაარკვია, ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო საავადმყოფოს ორ ექიმს სანქციები დაუწესდა. აღნიშნული კლინიკაც „ევექსის“ მართვის ქვეშაა.

მშობიარეს გარდაცვალების შემთხვევა მოხდა იგივე საავადმყოფოში მიმდინარე წლის 25 მარტსაც, თუმცა როგორც თავად რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენელი აცხადებს, მათთან ავადმყოფი უმძიმეს მდგომარეობაში, სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. აღნიშნული საქმის გამოძიება დასრულებული არ არის.

“ევექსში” სისტემური პრობლემების არსებობაზე შარშან ღიად განაცხადეს კორპორაციის კუთვნილი კლინიკის „ახალი სიცოცხლის” ექიმებმა, როდესაც რამდენიმე ათეულმა მედიკოსმა და მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ კლინიკა დატოვეს და გააფრთხილეს საზოგადოებაც და ჯანდაცვის სამინისტროც, რომ კლინიკა ხშირ შემთხვევაში არა პაციენტზე, არამედ ინვესტორის მოგებაზე იყო ორიენტირებული, რაც ექიმებისთვის მიუღებელია.

გუნდი აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ „ევექსის“ მუშაობის პრინციპი საფრთხეს უქმნიდა პაციენტებს.

სწორედ ამ შემთხვევების გამო „კომერსანტი“ დაინტერესდა, სწავლობს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში შესაძლო სისტემურ პრობლემებს, რომლებიც, შეიძლება, აფერხებდეს პაციენტების ხარისხიან მომსახურებას და საფრთხეს უქმნიდეს მათ ჯანმრთელობას.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე კვირის წინ, „კომერსანტის“ ამ შეკითხვაზე პასუხისას  განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, კლინიკა იმყოფება „ევექსის“ თუ სხვა ნებისმიერი კომპანიის მმართველობის ქვეშ და ნებისმიერი სამედიცინო აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა.

„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭო, რომელიც ყოველთვე იმართება და თითოეულ ასეთ საბჭოზე გამოდის რამდენიმე ათეული შემთხვევა, საშუალოდ ალბათ 20 შემთხვევა, როდესაც არამარტო „ევექსის“, არამედ სხვა დაწესებულებების ექიმების საქმიანობას ვსწავლობთ.

ეს არის დადგენილი ფორმატი. მე ვერ ვიტყვი, რომ გამოკვეთილია, რომ ევექსში მომუშავე ექიმები განსაკუთრებულად ცუდად მუშაობენ, შეიძლება პირიქითაც იყოს,“ – აცხადებდა სერგეენკო.

მინისტრის ამ განცხადებიდან მცირე ხანში „ევექსში“ პაციენტის დაღუპვის მორიგი შემთხვევა მოხდა და ამჯერად სამინისტროს მაღალჩინოსანი უკვე ალაპარაკდა კორპორაციაში სისტემური პრობლემების შესაძლებლობაზე.

ჯანდაცვის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ რადიო „კომერსანტის“ შემაჯამებელ გამოშვებაში ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ როგორც ჩანს, „ევექსში“ გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობს, რადგან მიუხედავად დაპირებისა, რომ სამედიცინო სერვისების მოცულობა არ შემცირდებოდა და პაციენტების სიცოცხლე საფრთხე არ შეექმნებოდა,  ევექსის ხელმძღვანელობამ ბოლომდე ვერ გაიაზრა, თუ რა პრობლემებთან მოუწევდა შეჭიდება.

„სერვისების გადაწყობა, რაც მათ გამოაცხადეს, საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. ადგილი ჰქონდა თანხის მოთხოვნას პაციენტებისგან. ყველაფერი ეს ბუნებრივია მიუთითებს მენეჯმენტის ნაკლოვანებაზე, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამას და ამან გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა თუ რაიმე სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე, გამოძიების საქმეა,“ – განაცხადა სოფრომაძემ.

მისი თქმით, მართალია, ევექსმა განაცხადა სამედიცინო სერვისების დახურვის შესახებ, მაგრამ ამაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხმობა არ მიუღია.

„მისთვის არავის მიუცია ნება, პრობლემა შექმნოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებას,“ – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

მისი თქმით, ზუსტად უნდა იქნას გაანალიზებული, რასთან გვაქვს საქმე და როგორია ამა თუ იმ კლინიკაში პაციენტების დაღუპვის ფაქტების სტატისტიკა, და თუ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ევექსი აგებს პასუხს, ხოლო თუ პროფესიონალური გულგრილობა გამოიკვეთა, შესაბამისად, პერსონალის პასუხისმგებლობა დადგება.

თუმცა მინისტრის მოადგილე ცალსახად აცხადებს, რომ გადაუდებელი დახმარება ყველა კლინიკაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მით უმეტეს იმ რეგიონებში, სადაც ამის ალტერნატივა არ არსებობს.

სოფრომაძე კიდევ ერთ ფაქტს ასაჯაროებს, რომელიც “ევექსში“ არსებულ პრობლემებზე მიუთითებს – მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო აფრთხილებდა ევექსს, მოეხდინა  სერვისების უზრუნველყოფა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ისე შეწყვიტა სამედიცინო მომსახურებების ნაწილი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვა არ მიუღია.

ცნობისთვის:  სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, გასული წლის 31 ივლისს კომპანიის აქციონერთა კრებამ კომპანიის სამ ნაწილად გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე მუშაობს სადაზღვევო კომპანია იმედი L, ხოლო “სამედიცინო კორპორაცია “ევექსი” უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას.

რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ამ მიმართულებით იმუშავებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

რებრენდინგი განიცადა სამედიცინო მომსახურების ბიზნესმაც, რომელიც მოიცავს ჩემი ოჯახის კლინიკას და უნიმედს.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ალდაგისა და იმედი L – ისგან დამოუკიდებელ ბრენდს წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია “ევექსის” ძლიერ და დამოუკიდებელ ბრენდად წარმოჩენის მიზნით”, – ამბობენ სააქციო საზოგადოებაში.

”საქართველოს ბანკის” შვილობილმა სადაზღვევო კომპანიამ ”ალდაგი BCI”-იმ მისი კონკურენტი ”იმედი L”-ის აქციათა 85% 2012 წლის ოქტომბერში იყიდა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …