რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მედპერსონალის გადამზადებას იწყებს. ექიმების ტრენინგს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.
პირველ ეტაპზე, გადამზადებას გადაუდებელ დახმარებაში სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების 15 ექიმი გაივლის. სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ექიმები ტრავმული პაციენტის მართვისა და სტაბილიზაციის საკითხებში გადამზადდებიან. მულაჟის გამოყენებით, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მანიპულაცია. პრაქტიკულ მეცადინეობებში ექიმები ტრენერებთან ერთად ჩაერთვებიან.
სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ყოველწლიურად გადამზადდება. ტრენინგები რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე იმართება.
ტრენინგს გადუდებელ დახმარებაში გაივლის სასწრაფო დახმარების 850 ექიმი და 850 ექთანი.