ტაჯიკეთის რესპუბლიკაში 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები ქვეყნის ოჯახის კოდექსში, რომლის მიხედვითაც აიკრძალა ქორწინება და-ძმას, ასევე, პირველი და მეორე რიგის ბიძაშვილებს, დეიდაშვილებსა და მამიდაშვილებს შორის.
ქორწინების აკრძალვა ასევე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვილობისას ერთი ქალის ძუძუთი იკვებებოდნენ.
ტაჯიკეთის საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის იანვარში დაამტკიცა და კანონის ძალაში შესვლამდე აქტიური კამპანია დაიწყო. რადიო თავისუფლების ტაჯიკეთის სამსახურის ინფორმაციით, მოსალოდნელი აკრძალვის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ახლო ნათესავებში ქორწინებების რიცხვი.
ერთ-ერთმა წყვილმა, რომლებიც ერთმანეთის ბიძაშვილები არიან, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათ ქორწინება დააჩქარეს, რადგან ამას 1 ივლისიდან ვერ შეძლებდნენ.
გარდა ახლო ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვისა, წყვილები ვალდებულები იქნებიან ქორწინებამდე გაიარონ უფასო სამედიცინო შემოწმება. შემოწმება საქალწულე აპკის მთლიანობაზე ქორწინების წინ კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, თუმცა ტაჯიკურ საზოგადოებაში ამ სერვისზე მაღალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, აღნიშნული შემოწმების გაკეთება უფასოდაა შესაძლებელი.
ტაჯიკეთის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ, რომელთათვის მნიშვნელოვანია ოჯახის კულტი, ოჯახის წევრებს შორის ქორწინება კი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ოჯახებს არ სურთ ოჯახში გარეშე, უცხო პირის მიღება და საკუთარი ქონების სხვა ოჯახისთვის განაწილება.
ტაჯიკეთის ხელისუფლების არგუმენტი მსგავსი აკრძალვის შემოღებისას იყო ის, რომ ქვეყანაში მაღალია იმ ახალშობილთა რაოდენობა, რომლებიც იშვიათი გენეტიკური დარღვევებით იბადებიან. აღნიშნულს კი სწორედ ახლო ნათესაური ქორწინებით ხსნიან. ტაჯიკეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, ტაჯიკეტში გენეტიკური დარღვევებით დაბადებულთა 35% სწორედ ახლო ნათესაური სექსუალური კავშირის შედეგადაა ჩასახული.
მიუხედავად კანონმდებლობის გამკაცრებისა, არსებობს სკეპტიციზმი მის აღსრულებასთან დაკავშირებით, რადგან ტაჯიკეტში ნათესავებს, ხშირად, სხვადასხვა გვარი აქვთ. ტაჯიკეტში ნებადართულია მამის სახელის გვარად აღება, რის გამოც, ახლო ნათესავთა არც თუ ისე მცირე ნაწილს სხვადასხვა გვარი აქვს. გარდა ამისა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს მექანიზმი გამოიცნოს წყვილი არის თუ არა ერთმანეთის ნათესავი თუ ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ.