რუსეთში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დაახლოებით 450 კილომეტრის დაშორებით, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ახალი, რიგით მე-4 ენერგობლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც გაისად იგეგმება.
რუსი ეკოლოგები მშენებლობის გარშემო რადიაციული ფონის ზრდაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობაზე რადიაციის გაჟონვა ხდება, რასაც ხელისუფლება მალავს.
საქართველოსთან დაკავშირებით მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ ქართველი ეკოლოგებიც და ამის მაგალითად ჩერნობილის ავარია მოჰყავთ, რომლის დაბინძურებულმა ღრუბელმა გადაირა თითქმის მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო და ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. შედარებისათვის, ჩერნობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 1500 კილომეტრითაა დაშორებული.
ცნობები როსტოვში ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე მშენებლობიდან რადიაციის შესაძლო გაჟონვის შესახებ რუსმა ეკოლოგმა ანდრეი ოჟალოვსკიმ გაარვეცლა. მისი თქმით, მშენებლობა გაზრდილი რადიაციის ფონზე მიმდინარეობს და თანაც – ყოველგვარი სანიტარიული ნორმების დაცვის გარეშე. ეს კი, მისი თქმით, სხვა საფრთხეებთან ერთად, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის რისკებს ზრდის.
სპეციალისტების თქმით, ეს ატომური ელექტროსადგური, მიუხედავად იმისა, რომ გამართული მუშაობის შემთხვევაში არ გამოყოფს დიდი რაოდენობით მომწამვლელ ნივთიერებას გარემოში, მაინც დიდი ზიანის მომტანი გახდა მთელი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან დაკავშირებით მოსალოდნელი რისკების კასკადზე საუბრობენ ქართველი ეკოლოგები.
ეკოლოგ ნინო ჩხობაძის თქმით, ამ ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში დაბინძურებული ღრუბელი საქართველოშიც შემოვა, რაც სიმსივნური და ჩიყვის დაავადებების გაზრდას გამოიწვევს.
“როცა რამდენიმე ელქტროსადგურია, ახლის მშენებლობა ნიშნავს, რომ ე.წ. დაცვის ნორმა რადიაციასთან დაკავშირებით პრობლემებს შექმნის, თუ ტექნიკურად გამართული არ არის. ყველა რისკი შეფასებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქონიებს უარყოფით გავლენას საქართველოს ტერიტორიაზეც.
“ავარიის შემთხვეაში შეიძლება, მოხდეს პირდაპირი ტალღის გავრცელება, მით უფრო, რომ ჩვენთან ჰაერის მასები ძირითადად ჩრდილოეთიდან შემოდის და დაბინძურებული ღრუბელიც აქ გაიფანტება”, – უთხრა “რეზონანსს” ჩხობაძემ.
მისივე თქმით, რადიაციული ფონის მომატება უკვე რისკია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ატომური ელქტროსადგური აშენდეს უსაფრთხოდ და იყოს საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. მშენებლობა ასე მარტივი არ არის, მასზე მუდმივი კონტროლი უნდა ხდებოდეს.
“ჩერნობილის ავარიის დროს საქართველოში დაბინძურებული ღრუბლის ორი ტალღა შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი შესაბამისი უწყებები აცხადებდნენ, არაფერი შემოსულაო. არადა აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რადიაციული ტალღები შემოვიდა. მაშინ პირდაპირი ზიანი იყო ის, რომ კიტრი ვეღარ მოვიყვანეთ. შემდეგ, თანდათანობით გაიზარდა ჩიყვისა და სისხლის დაავადებები”, – გვითხრა ჩხობაძემ.
რადიაციული დონის გაზრდა პირდაპირ ადამიანების ჯანმრთელობაზე მოქმედებს – ამ განცხადებას კი ა/ო “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე აკეთებს. მისი თქმით, ნებისმიერი ელექტროსადგურის მშენებლობა არის საფრთხის შემცველი.
“ნებისმიერი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საფრთხის შემცველია. ამის მაგალითი გახლავთ წლების წინ აფექთებული ჩერნობილი და იაპონიაში ფუკუშიმა. იაპონია მაღალი ტექნოლოგიების ქვეყანაა, თუმცა, რა დაემართა, მთელმა მსოფლიომ ნახა. საშიშროება ძალიან დიდია და მსოფლიოს ნამდვილად არ სჭირდება კიდევ ახალი ელექტროსადგური.
“რა თქმა უნდა, ეს საქართველოზეც აისახება. თუ მოხდა აფეთქება, ჰაერის მასები რა დროს შემოვა, კაცმა არ იცის. მთელი რისკების კასკადს შეიცავას. ეს კი პირდაპირ ადამიანების ჯანმრთელობაზე მოქმედებს იწვევს სისხლისა და სიმსივნურ დაავადებებს. უზარმახარ რისკებთან არის დაკავშირებული. ჩერნობილის ავარიის შემდეგ ამდენი წელი გავიდა და დღესაც იქ ცხოვრება აკრძალულია”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას სიმონიძე.