ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, სოფელ ალვანში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.
უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია, სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობას კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა გაუწიეს.
აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.
უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში,ადგილობრივებს კონსულტაცია გაუწია ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმმა. პაციენტებს ჩაუტარდათ ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად იმართება.