საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახური 2016 წლის 28 და 29 ივნისს, თბილისში მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას მედიკამენტების გაყალბების თემაზე.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, სომეხი და ფრანგი ექსპერტები.
ფალსიფიცირებული მედიკამენტები წარმოადგენენ მზარდ სანიტარულ პრობლემას. ეს არის მსოფლიო საფრთხე როგორც უსაფრთხოების, ისე ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი და თანამედროვეობის რეალური პრობლემა.
კონფერენციას ორი მიზანი აქვს: საფრანგეთის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს საქართველოს და სომხეთს შორის რეგიონულ თანამშრომლობას მედიკამენტების გაყალბების სფეროში და ამ უწყებათაშორისი პროექტის განხორციელებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფარმაცევტული სექტორის კერძო კომპანიები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, როგორიცაა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სომხეთში არსებული ფრანგული უნივერსიტეტი (UFAR), გამოავლინოს გაყალბებული მედიკამენტებით გამოწვეული საფრთხე და შეისწავლოს ამ სახის გაყალბებით გამოწვეული უსაფრთხოების საკითხები.
გამოცდილების გაზიარება არის საშუალება იმ საფრთხის შესასწავლად, რომელსაც წარმოშობს უკანონო ვაჭრობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, აგრეთვე საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
ფრანგული მხარის მიერ წამოყენებული ეს ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სხვადასხვა სამინისტროების, პოლიციის, საბაჟოს, მართლმსაჯულების ექსპერტების და მკვლევარების შეხვედრის შესაძლებლობას წარმოადგენს.
მათი მოსაზრებები და გამოცდილება წაადგება ამ მოვლენის და მისგან გამომდინარე მიზნების უკეთ გაგებას და ახალი ტენდენციების გამოვლენას. უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები იურიდიულ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რაც ახალი სტრატეგიის დასაწყისი გახდება ამ საკითხთან დაკავშირებით.