2014 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოში ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 19 ქვეყნის მასშტაბით 2 წლის განმავლობაში ჰოსპიტალებზე თავდასხმის 594 ფაქტის დროს 1561 ადამიანი დაშავდა, 959-მა კი სიცოცხლე სიკვდილით დაასრულა. საინტერესოა, რომ თავდასხმების ნახევარი ჰოსპიტალებზე, დარჩენილი ნახევარი კი სამედიცინო პერსონალზე მოდის.
ჯანდაცვაზე განხორციელებული თავდასხმების მხრივ რეიტინგს სირია ლიდერობს. აქ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაწესებულებებზე განხორციელებული 228 შეტაკების შედეგად 352 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ღაზას სექტორი 53 თავდასხმის ფაქტითა და 14 გარდაცვლილით. სამეულში შედის ერაყი, სადაც ჯანდაცვის სექტორზე განხორციელებული 43 შეტაკებისას 114 ადამიანი გარდაიცვალა. მეოთხე ადგილზეა პაკისტანი, სადაც 2 წლის განმავლობაში ჰოსპიტალებზე თავდასხის 43 შემთხვევისას 102 ადამიანი გარდაიცვალა. პირველ ხუთეულს ასრულებს ლიბია. აქ კლინიკებზე 33 შეტაკება მოხდა, რომელსაც 55 ადამიანი ემსხვერპლა.
სიის ერთერთი ლიდერი გახლავთ ავღანეთი თავდასხმის 69 შემთხვევითა და 19 გარდაცვლილით. რეიტინგის მოწინავე პოზიციებზეა უკრაინა, სადაც 32 შეტაკებისას 17 ადამიანი გარდაიცვალა.
საინტერესოა, რომ მსგავსი ტიპის ანგარიში ჯანდაცვის მსოფლიო ოგანიზაცაიმ წელს პირველად გამოაქვეყნა.