საყოველთაო ჯანდაცვაში უმართავი ხარჯვის პრობლემატიკაზე 2 წელია საუბრობენ ექსპერტები და მთელი ეს პერიოდი სამინისტრო პრობლემას ცალსახად უარყოფდა, თუმცა ამჯერად ის სახელმწიფო აუდიტმა დაადასტურა.
კერძოდ, სტატისტიკური შერჩევით მიღება-ჩაბარების 76 აქტი შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ 63 მათგანი დაგვიანებით ანაზღაურდა, რაც აჩვენებს, რომ შემთხვევების 80%-ში სამინისტრო კლინიკების დროულად გასტუმრებას ვერ ახერხებს. ცხადია ეს ფულის დეფიციტს უკავშირდება და ასევე ცხადია, რომ ეს კლინიკებში სერვისის ხარისხზე ანუ პაციენტებზე აისახება.
პრობლემა აღმოჩნდა სამედიცინო კონტროლის შემთხვევებში, კლინიკების 10%-ში სამინისტროს საერთოდ არაფერი გადაუმოწმებია. დანარჩენში კი 10-დან 3 შემთხვევას ამოწმებს. პრობლემურია ხარჯების ზრდაც. 2014 წელს საშუალო თვიური ხარჯვა სამინისტროს წინა წელთან შედარებით 7 მლნ. 300 000 ლარით გაექცა, რაც უცნაურია იმ ფონზე, რომ სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის კონტროლისთვის სპეციალურად შეიძინა 5 მლნ. 500 000$ ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აუდიტის დასკვნის მიხედვით წლები უმოქმედოდ იდო.
ადმინისტრაცია მუდამ ირწმუნებდა, რომ ხარჯებების ზრდას კონტროლის მექანიზმით დაარეგულირებდა, ამის გარდა სამინისტროში ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებიც იკვეთება. როცა საჯარო სამსახურის პარალელურად ჩინოსნები კერძო კლინიკებში მოღვაწეობასაც ითავსებენ. და სამინისტროში დანიშვნიდან 7 დღეში პრემიასაც იღებენ. თემაზე სასაუბროდ გადაცემაში სტუმრად იმყოფება სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის ექსპერტი.