თუ თქვენ ჯერ არ ატარებთ სათვალეს, დიდი შანსია, რომ მისი გამოყენება საუკუნის მეორე ნახევარში დაგჭირდეთ.
ახალი კვლევის შედეგების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით 4,8 მილიარდი ადამიანი 2050 წლისთვის ახლომხედველობით, ანუ მიოფიით დაავადდება. ამ დროს, ადამიანები შორს არსებულ საგნებს ბუნდოვნად ხედავენ, ახლომდებარეს კი მკაფიოდ.
აღნიშნული ტენდენცია 2000 წლიდან გასამმაგდა. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ყოველი 10 ადამიანიდან ერთი დაბრმავდეს.
კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Opthalmology-ში 11 თებერვალს გამოქვეყნდა, მსოფლიოს დიდ ნაწილში, ახლომხედველობაში დამნაშავე კომპიუტერთან ჯდომა და სმარტფონის ეკრანის დიდხანს ყურებაა.
როგორც კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა კოვინ ნაიდუმ Huffington Post Australia-ს ინტერვიუში განუცხადა, შედეგები საგანგაშოა და სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
„საქმე გვაქვს გლობალური ჯანმრთელობის ნამდვილ კრიზისთან. ამ შემთხვევაში უპირატესობა გაქვთ თუ აფრიკაში ან ავსტრალიაში ცხოვრობთ“, — აცხადებს ნაიდუ.
კვლევაში, რომელსაც სიდნეის Brien Holden Vision Institute-ის ხელმძღვანელი ბრაინ ჰოლდენი უძღვებოდა, მონაცემები აღებულია 145 სხვადასხვა კვლევიდან, რომლებშიც სულ 2,1 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის, 4,8 მილიარდი ადამიანი (დედამიწის მოსახლეობის 49,8%) ახლომხედველობით, ანუ მიოპიით იქნება დაავადებული. 2000 წელს ეს რიცხვი 1,4 მილიარდ ადამიანს (მოსახლოების 23%) შეადგენდა.
„ახლომხედველობის მოსალოდნელი ზრდა დიდწილად მართული იქნება გარემო ფაქტორებით, ძირითადად ცხოვრების წესის შეცვლით, როცა ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ და მეტ დროს უთმობენ სამუშაოს“, — წერენ კვლევის ავტორები.
რაც შეეხება გამოსავალს, ნაიდუს თქმით, დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გამოსავალია დღეში ორი ან მეტი საათის გატარება სახლის გარეთ, ჰაერზე.