მთავარი » ჯანდაცვა » ზედმეტი წამლების პრაქტიკას ექიმებიც ადასტურებენ
ქართველი ექიმები ჯანდაცვის მინისტრის შენიშვნას იზიარებენ და გარკვეულწილად ადასტურებენ საქართველოში ზედმეტი წამლების პრაქტიკას.

ზედმეტი წამლების პრაქტიკას ექიმებიც ადასტურებენ

ქართველი ექიმები ჯანდაცვის მინისტრის შენიშვნას იზიარებენ და გარკვეულწილად ადასტურებენ, რომ საქართველოში პაციენტებს ზედმეტ წამლებს უწერენ. ამას 2 მიზეზი აქვს: გარიგება ფამაცევტებთან და ექიმთა კვალიფიკაციის დაბალი დონე. 

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ექიმების მიერ გამოწერილ ჭარბ მედიკამენტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ექიმთან დაგვიანებული ვიზიტია, შესაბამისად, გართულებულ დაავადებაზე მკურნალობა უფრო მეტ მედიკამენტურ რესურს მოითხოვს. 

„ხშირ შემთხვევაში მიზეზი ასევე არის ექიმების ე.წ. გადაზღვევა რისკებისგან. ისინი თავს იცავენ და ხშირად ამ დაცვაში ზედმეტ მედიკამენტებს ნიშნავენ. პრობლემების გადაჭრისათვის სამინისტროს ცდილობს განავითაროს პირველადი ჯანდაცვა, მედიკამენტებზე ფასი დაწიოს და გამჭვირვალე სისტემა ჩამოაყალიბოს“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მედიკამენტების სიძვირე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. 

„ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის, 40%-დან 50%-ს ზემოთ ტრიალებს. განვითარებული ჯანდაცვის სისტემები წამლებზე 15%-დან 25%-მდე მერყეობს. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამალი ძალიან ძვირია. 

სხვადასხვა გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების სამი გზა არსებობს –

1. ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფო უწესებს მოგების გადასახადს ანუ ზღუდავს ბიზნესს;

2. სახელმწიფო სუბსიდირებას იწყებს და ხალხისთვის წამლებს ყიდულობს;

3. შემოაქვს რეგულაციები, რომელთა შედეგად სახელმწიფო შემოტანილი და ადგილობრივი პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს და ბაზარს მიმზიდველს ხდის სხვა მოთამაშეებისთვის“, – აცხადებს სერგეენკო. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რაიმე სახის გარიგება ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არის კორუფციული გარიგება და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საკითხის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. 

სხვადასხვა სახის კვლევამ დაადგინა, რომ ქართველი ექიმები არცთუ იშვიათად პაციენტს რამდენიმე, ხშირ შემთხვევაში ანალოგიური შემადგენლობის მედიკამენტს უწერენ. ყოფილა ათზე მეტი წამლის გამოწერის ფაქტი ერთ პაციენტზე. ამ მოვლენას სპეციალისტები ორი ფაქტორით – ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმების მატერიალური დაინტერესებითა და ექიმების დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან. 

ექიმი-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის არსებობას ორი მიზეზი აქვს. პირველი, განათლების დაბალი დონე. შესაბამისად, ხშირად ეს ხდება ჰიპერდიაგნოსტიკის საფუძველი (გარკვეული დაავადების ჭარბი დიაგნოსტირება). ექიმს ურჩევნია მასიური და დარტყმითი თერაპიით დაიწყოს მკურნალობა, რათა მალე მიიღოს შედეგი, შესაბამისად, მას ჰგონია, რომ კარგს აკეთებს. ეს კი განათლების დაბალი დონის შედეგია. 

სინაურიძე მეორე მიზეზად ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმების ფინანსური დაინტერესებას ასახელებს.

„გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ფარმაცევტული კომპანიები აინტერესებენ ექიმებს. მე 30 წელია ვმუშაობ ამ სფეროში და მსგავსი გარიგება არასდროს მქონია, თუმცა ირგვლივ მსგავსი ფაქტები ხდება“, – აცხადებს სინაურიძე. 

მისი თქმით, საერთაშორისო  სტანდარტებით მკურნალობა რომ მიდიოდეს, მკვეთრად შემცირდებოდა წამლის მოხმარება. 

პრობლემის სიმწვავეზე „კომერსანტთან“ საუბრობს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანიც. მიზეზად ისიც ნაცნობ ფაქტორებს ასახელებს: პირველი – ფარმაცევტული კომპანიების და ექიმების ფინანსური დაინტერესება და მეორე – ექიმების განათლების დაბალი დონე. ტვილდიანის თქმით, ექიმებმა ხშირად არ იციან, რომ არსებობს წამლები, რომლებსაც სხვადასხვაგვარი მოქმედება ახასიათებთ. ამის გამო სხვადასხვა წამლებს ნიშნავენ და არა იმას, რომელსაც შეუძლია 2-3 ფუნქცია შეასრულოს. 

„კარგი ექიმი ყოველთვის ცდილობს, რომ დანიშნოს რაც შეიძლება ნაკლები წამალი. ამაშია გამოსავალი, განათლების დონის ამაღლებაში. ასევე არ უნდა არსებობდეს ისეთი მონოპოლიები, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას ეკუთვნის წამლის წარმოებაც, საავადმყოფოც, ექიმიც და ა.შ. ამაზე სახელმწიფო რეგულაცია უნდა დაწესდეს“, – აცხადებს ტვილდიანი. 

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას და იმას, რომ მსგავსი შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, ტვილდიანი აცხადებს, რომ მაგალითად, ამერიკაში არის მსგავსი ფაქტები, თუმცა გაცილებით ნაკლები დოზით და სხვა მიმართულებით. 

for.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …