ექსპერტები მომდევნო 25 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში დანახარჯების გლობალურ ზრდას პროგნოზირებენ.
ამ მოსაზრების დასადასტურებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ უახლესი კვლევა, რომელიც მსოფლიოს 184 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს. კვლევა მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის შეფასების ინსტიტუტის (IMHE) ერთობლივი ნაშრომია. ის დაბალი, საშუალო და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯანდაცვაზე გაწეული სამთავრობო და თითოეული მოქალაქის ჯიბიდან გადახდილი ხარჯების შედარებას მოიცავს.
ირკვევა, რომ მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები ჯანდაცვაზე მინიმალურ თანხას ხარჯავენ მაშინაც კი, როდესაც დონორი ქვეყნები ჰუმანიტარული დახმარებას მათ პერმანენტულ რეჟიმში აწვდიან.
მოსალოდნელია, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნები 2040 წელს ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის კუთხით 9019 დოლარს დახარჯავენ, საშუალო შემოსავლიანები– 1935 დოლარს, საშუალოზე დაბალ შემოსავლიანი 507 დოლარს, დაბალშემოსავლიანი ქვეყნები კი 164 დოლარს. წინასწარი პროგნოზით ყველაზე მცირე თანხას ჯანდაცვაზე საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები დახარჯავენ.
ჯანდაცვის საჭიროებების უმეტეს ნაწილს სამხრეთ აზიის ქვეყნებში მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით, ჯიბიდან გადახდილი ფულით უზრუნველყოფს.
ეს მონაცემი 2040 წლისთვის 51.4 პროცენტს მიაღწევს, დასავლეთ ევროპაში 11.4 პროცენტს, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე 28.6%–ს, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკულ ქვეყნებში კი31.3 %–ს.
მსოფლიო ბანკის პრიორიტეტებში ვკითხულობთ, რომ ებოლას ვირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ჯანდაცვაში ინვესტიციების ჩადების მაჩვენებელი გაზარდა. შესაბამისად ჯანდაცვაზე დახარჯული ნებისმიერი ოდენობის თანხა პრაგმატულ და კეთილგონივრულ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს.