მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის 80%-ს სხვადასხვა დაავადება ემუქრება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენთან მოსახლოების 80% ღარიბია, საიდანაც 45% არასრულფასოვნად იკვებება, 35% კი შიმშილობს.

მოსახლეობის 80%-ს სხვადასხვა დაავადება ემუქრება

დედამიწაზე გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა საქართველოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენთან მოსახლოების 80% ღარიბია, საიდანაც 45% არასრულფასოვნად იკვებება, 35% კი შიმშილობს.

ამ მონაცემებს სპეციალისტები საგანგაშოს უწოდებენ და მოსახლეობას კვების რაციონის შეცვლისკენ მოუწოდებენ. საჭიროა ისეთი პროდუქტების მოხმარება, რაც მათ მძიმე დაავადებებს თავიდან აგვაშორებს. კვება და ნორმა კვება ცოცხალი ორგანიზმებისათვის სიცოცხლის საფუძველი და ენერგიის წყაროა.

სასურსათო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის შოთა ჩხეიძის თქმით, ცოცხალ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: დისიმილაცია – რთულ ნივთიერებათა დაშლა და ასიმილაცია – ახალი რთული ნივთიერებების ბიოსინთეზი, რაც ორგანიზმის განახლების საფუძველია.

სურსათში შემავალ საკვებ კომპონენტებს (ნუტრიენტებს) წარმოადგენენ: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები, რომლებიც ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, ცოცხალი ორგანიზმის მიერ საკმარისი რაოდენობით მიღებისა და მოხმარების პირობებში უზრუნველყოფენ ორგანიზმის სიჯანსაღესა და სიცოცხლეს.

ოპტიმალურად მიჩნეულია ადამიანის ორგანიზმისათვის საკვებად მისაღები ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემდეგი თანაფარდობა: 1:1:4, კერძოდ: ცილები – 100-120 გრამი დღეში, ცხიმები 90-100 გრამი, ნახშირწყლები – 450-500 გრამი. საკვებში შემავალი ეს ნუტრიენტები ენაცვლებიან ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის და ენერგიის გამოყოფის პროცესებში დახარჯულ მათ ანალოგებს, ანუ ორგანიზმში მიდის მილიონობით ძველი უჯრედის დაშლა და ახალი უჯრედების წარმოქმნა საკვების გადამუშავებისა და შეთვისების შედეგად.

“ეს პროცესი უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის, ზრდა-განვითარების, ბუნებრივი და ფიზიკური პროცესების წარმართვას. ნივთიერებათა ცვლის შედეგად ახალი ნივთიერებების და უჯრედების წარმოქმნის, ანუ პლასტიკური (სამშენებლო) დანიშნულების გარდა, საკვები ენერგიის წყაროსაც წარმოადგენს, მას ენერგეტიკული ღირებულებაც გააჩნია. ეს ის ენერგიაა, რომელიც გამოთავისუფლდება ადამიანის ორგანიზმში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სრული დაჟანგვის, დაშლის დროს, რაც ორგანიზმის მიერ გამოიყენება ფიზიკური, გონებრივი და სხვა ფიზიოლოგიური ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს შოთა ჩხეიძე.

ადამიანის მიერ მიღებული საკვების ენერგეტიკული ფასეულობის მხრივ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის – (ფაო) მიერ დადგენილია 3 დონე: 1 – ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობა – 2500-3000 კკალ/დღ; 2 – არასრულყოფილი სიცოცხლისუნარიანობა – 1800-2500 კკალ/დღ; 3 – კრიტიკული სიცოცხლისუნარიანობა – 1800 კალორიაზე ნაკლები დღეში, რაც შიმშილობის კლასიკური ფორმაა.

საყურადღებოა ისიც, რომ როცა ადამიანის ორგანიზმს ამა თუ იმ დატვირთვის შესასრულებლად დამატებით შესაბამისი რაოდენობის სურსათი (ენერგიის წყარო) არ მიეწოდება, მაშინ იგი ენერგიას საკუთარი ნუტრიენტების (ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების) დაშლის შედეგად გამოყოფილი ენერგიით ივსებს, რაც მის გამოფიტვას და სხვადასხვა მძიმე დაავადებებს იწვევს.

“არათუ 1800, არამედ 2150 კილოკალორიის მოხმარებაც კი მიაჩნია ფაო-ს ჯანმრთელობისათვის საფრთხედ. საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი (საომარი მოქმედებების, ხანძრის, წყალდიდობის, მიწისძვრის პირობებში მოხვედრილი ადამიანებისთვის) არ არის მიზანშეწონილი 2300 კილოკალორიაზე ნაკლები. საყურადღებოა, რომ ფაო-ს კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 80% ღარიბ-ღატაკია, აქედან ღარიბთა 45% არასრულფასოვნად იკვებება და იღებს დღეშ 2150 კკლ, ხოლო ღატაკთა 35% კი შიმშილობს, ანუ იღებს 1600 კკლ დღეში”, – ამბობს შოთა ჩხეიძე.

არასრულფასოვანი კვების შედეგები ბუნებრივია, რომ ადამიანის კვების ხარისხის შესაფასებლად მხოლოდ ენერგეტიკული მაჩვენებლების ანალიზი არაა საკმარისი. უმნიშვნელოვანესია რა სახეობის სურსათისგანაა მიღებული ესა თუ ის ენერგეტიკული მაჩვენებელი. კვების დარღვევად ითვლება პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების (ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების) უკმარისობით ან ზედმეტობითაც კი.

შოთა ჩხეიძის თქმით, ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტიური სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელია დაბალანსებული კვება: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მიღება დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი რაოდენობის მიხედვით, რაც მიიღწევა მრავალფეროვანი სურსათის მოხმარებით, ანუ სრულფასოვანი კვებით.

“ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე 25-წლიანმა კვლევამ გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ სასურსათო პროდუქციის მოხმარება ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კატასტროფულად დარღვეული იყო და არის. ძალზე დაბალია ცილოვანი პროდუქციის: ხორცის – 2,5-ჯერ, რძის პროდუქტების – 2-ჯერ, თევზის – 4-5-ჯერ, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქციის ბოსტნეულისა და ხილის – 2-2,5-ჯერ, ხოლო ფიზიოლოგიურ ნორმაზე თითქმის 2-ჯერ მეტია ნახშირწყლებით მდიდარი, მაგრამ ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ღარიბი პროდუქტის პურის მოხმარება.

ყოველივე ეს მიანიშნებს მასზე, რომ მოსახლეობა, დაბალი სოციალური პირობების გამო, ვერ ახერხებს ძვირადღირებული სასურსათო პროდუქტის (ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, ხილი) შეძენას და დაბალფასიანი, მაგრამ ყუათიანი საკვებით – პურით – იკმაყოფილებს თავის მოთხოვნას საკვებზე. ასეთ საკვებ რაციონში პურის წილი 60-70%-ს აღწევს მაშინ, როცა ზოგადად საერთაშორისო ნორმებით მიღებულია პურის დღიური ნორმა – 200 გ/დღეში, რაც საერთო რაციონის კალორიების 15%-ზე მეტს არ შეადგენს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” შოთა ჩხეიძემ.

ცხადია, რომ ასეთი არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება ცილოვან დეფიციტთან ერთად ორგანიზმის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მწვავე ნაკლებობის გამო მთელ რიგ მძიმე დაავადებებს იწვევს. ჩხეიძის თქმით, ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი იღუპება (აქედან 400 ბავშვი დაბადებიდან 1 კვირაში, ხოლო 300 კი – დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში), რაც უკავშირდება კვების დეფიციტის დაკავშირებულ ფაქტორებს:

მცირე წონიანობა, იოდდეფიციტი, ანემია, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი და სხვა (საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში). ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრი სოციალური პროგრამა განხორციელდა, რასაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეეწყო მოსახლეობის მხრიდან სურსათის ხელმისაწვდომობისთვის.

“სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ხალხის კვების რაციონი, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა და თითქმის იგივე დარჩა”, – დასძინა ჩხეიძემ. “არის ერთი მომენტიც. სავარაუდოა, რომ მოსახლეობის ნაწილმა სრულფასოვანი კვების მნიშვნელობისა და აუცილებლობის არცოდნის გამო, ჩათვალა რა, რომ შიმშილის პრობლემა ფიზიკურად არ აწუხებს (გადამეტებული რაოდენობით ყუათიანი საკვების – პურის მოხმარების წყალობით), გადაწყვიტა თავისი შემოსავალი სხვა რამეზე მიმართოს.

ამრიგად მოსახლეობამ სრულფასოვანი კვების მნიშვნელობის არცოდნის გამო წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასრულფასოვანი რაციონი არ შეცვალა.დადგენილია, რომ მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებათა 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ეს ყველამ უნდა იცოდეს და პირველ რიგში თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უფრთხილდებოდეს”, – დასძინა შოთა ჩხეიძემ.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტის მადონა კოიძის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა მოზარდებში, რის შედეგადაც იმატა მხედველობის, ძვლოვანი სისტემების პრობლემამ და სხვადასხვა დაავადებებმა.

“ადამიანმა ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები ზომიერად უნდა მიიიღოს, რაც საქართველოში განსაზღვრული სამომხმარებლო კალათის მიხედვით, პრაქტიკულოად, შეუძლებელია. ხალხი ვერ მოიხმარს ხორცის იმ რაოდენობას, რაც სავალდებულოა. ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაა მოზარდებში. არასრულფასოვანი კვება მათ შემდგომ ცხოვრებაზე აუცილებლად უარყოფითად აისახება. ვიმეორებ, სიტუაცია არის საგანგაშო. თუკი ახლა ჩვენ სწორად არ განვსაზღვრეთ მოზარდი თაობის კვება და კვების რაციონი, თუკი ახლა მოზარდებმა საკვების სათანადო დოზა არ მიიღეს, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება უკვე შემდეგ თაობებზე”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” მადონა კოიძემ.

resonancedaily.com

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …