ყველა მშობელს ვთხოვთ, იცოდნენ თავიანთი ბავშვების აცრის კალენდარი,-ამის შესახებ იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბავშვების აცრის კალენდარში მშობლების ჩართულობას ხელს შეუწყობს ახალი აპლიკაცია, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1-ელ ივნისს ამუშავდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს თანამშრომლის, ნანა ქაშიბაძის განცხადებით კი, მობილური აპლიკაცია, რომელიც ბავშვების იმუნიზაციის პროცესში მშობლების მაქსიმალურად ჩართვას უზრუნველყოფს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივითა და ”გაერო-ს ბავშვთა ფონდის” მხარდაჭერით დამზადდა და ის დანერგვის პროცესშია.
”აპლიკაციის საშუალებით მშობელს შეეძლება მიიღოს მეტი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, ვაქცინაციის უკუჩვენების გაფრთხილების, ადმინისტრირების მეთოდისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ”, – განაცხადა ნანა ქაშიბაძემ.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც იმუნიზაციის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად იმართება იმუნიზაციის კვირეული. მას ორი ამოცანა აქვს, ერთი – სამედიცინო საზოგადოებას გააცნოს ის სიახლეები, რაც არის ამ მიმართულებით, მეორე კი – ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს მოსახლეობისთვის სწორი განმარტებების მისაცემად და იმუნიზაციის აცრების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ასახსნელად,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.