იმუნიზაციის კვირეული სლოგანით აცერი და დაიცავი დღეს გაიხსნა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2016 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა.
საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში.
იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).
შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისი მერიის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, აშშ დაავადებათა კონტროლის, ამერიკის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები.